თბილისი, 2 მაისი – Sputnik. ბოლო წლებში ჯავახეთის ქედი ძალზე აქტიურია – მიწისქვეშა ბიძგები სისტემატურად ფიქსირდება, განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ.
გუშინ, ღამით სამხრეთ საქართველოში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები სამცხე-ჯავახეთში, სოფელ სამებიდან 11 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრა თბილისშიც იგრძნეს.
„ბოლო ერთი წელია ჯავახეთის ქედი არის ძალიან აქტიური, აქ ფონური სეისმურობაც გაზრდილია, ბიძგების მონიტორინგს ვაწარმოებთ და მიყოლებით ხდება საშუალო და შედარებით დაბალი ხარისხის მიწისძვრები“, – განაცხადა გოდოლაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, ეს მიწისძვრა საშუალო სიმძლავრისაა და არ განეკუთვნება ძლიერი მიწისძვრების კლასს.
საქართველოში 2012 წლიდან ყველაზე მძლავრი მიწისძვრა წელს, 13 თებერვალს მოხდა. მისმა მაგნიტუდან 6,2 შეადგინა. ეპიცენტრი ასევე სოფელ სამებასთან ახლოს იყო. მიწისქვეშა ბიძგებმა დააზიანა შენობები დმანისისა და მარნეულის რაიონებში.
საქართველო საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა. ყველაზე ძლიერი, 7 მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭასა და იმერეთში დაფიქსირდა. ინტენსივობა ეპიცენტრში 9 ბალი იყო. ამ მიწისძვრამ 200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.