თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის თვის დასრულება და რამადან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
ისლამის მიმდევრებისთვის წმინდა თვე – რამადანი წელს 1 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ დაიწყო.
„გულითადად ვულოცავ რამადან-ბაირამს მუსლიმ საზოგადოებას მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს – საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს!“ – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტმა მუსლიმებს უსურვა, ეს დღესასწაული მათთვის მშვიდობისა და აყვავების საწინდარი გახდეს.
„სულიერი განწმენდის, ერთმანეთის სიყვარულის, თანადგომისა და მიტევების ეს დიდი ისლამური დღესასწაული მშვიდობისა და კეთილდღეობის საწინდარი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის!“ – დაწერა ზურაბიშვილმა.
დღეს ერთთვიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ-ერთს, რამადან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს. მუსლიმები ამ დღესასწაულს მომდევნო სამი დღის მანძილზე მსოფლიოს ყველა მხარეში აღნიშნავენ.
რამადანის მარხვის დროს მუსლიმები განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყოველგვარ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. მარხვის დასრულების დღეს მუსლიმები ტრადიციულ ტკბილეულს ჰალვას ამზადებენ, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს სტუმრობენ.