თბილისი, 2 მაისი — Sputnik. მედიკოსებმა, შესაძლოა, სადღაც შემოდგომაზე პანდემიის დასრულების შესახებ გამოაცხადონ, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეთა ნაწილისთვის პირბადის ტარების წესის გაუქმების შესაძლებლობას განიხილავს.
„პანდემია არ დასრულებულა, კოვიდი არსად წასულა, მხოლოდ მასშტაბები შემცირდა. მაგალითად, ჩვენს კლინიკაში ყოველდღიურად გვყავს 10-15 პაციენტი, როდესაც გვყავდა 80-100“, – განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, მსოფლიო პოსტკოვიდური პერიოდის პიკშია, ვაქცინირებული და ინფიცირებული ადამიანებისგან შექმნილია დიდი იმუნური ფენა.
„თუ ვირუსის ახალი საშიში მუტაციები არ გაჩნდება, პანდემია დასასრულს მიუახლოვდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის განმარტებით, დღეს ქვეყანაში მოქმედ ყველა კლინიკას და ოჯახის ექიმს კოვიდ-პაციენტების მართვა მაღალ დონეზე შეუძლია.
იანვარში და თებერვლის დასაწყისში საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღა გადაიარა, რომელიც „ომიკრონ“ შტამს უკავშირდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20-24 ათასს აჭარბებდა. 31 იანვარს გამოვლინდა 26 ათასზე მეტი შემთხვევა. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი ეპიდვითარების მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო.
ეპიდემიოლოგების ვარაუდით, შემოდგომაზე კორონავირუსი კიდევ უფრო დასუსტდება და იგი სეზონურ გრიპად გადაიქცევა. სპეციალისტების შეფასებით, რომლებიც ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობიან, საქართველოს მოსახლეობის 85%-ს კორონავირუსისადმი იმუნიტეტი აქვს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.