თბილისი, 1 მაისი – Sputnik. თბილისში მუხიანის, თემქის და გლდანის მოსახლეობის ნაწილს 3 მაისის 05:00 საათიდან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, იუწყება „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“.
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, ვლადიკავკაზ-თბილისის დ700 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიზღუდება.
„პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მილსადენის 199.6-200.7 კილომეტრზე არსებული კოროზირებული მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდება, ხოლო 211.2 კილომეტრზე ახალი სახაზო ონკანი დამონტაჟდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გაზმომარაგება თბილისის ცალკეულ უბნებს შეუწყდება. სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.
აღნიშნულ მოსახლეობას გაზმომარაგება 5 მაისის 07:00-ზე აღუდგება.
კომპანიის ცნობით, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.
კომპანია აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.