ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში მოფრინავს: როდის და სად გაიმართება შეხვედრა მწერალთან

ქართველი მკითხველები ცნობილ ფრანგთან შეხვედრას დიდი სიამოვნებით ელოდებიან
Sputnik
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ცნობილი ფრანგი მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი და გახმაურებული რომანების „99 ფრანკისა“ და „სიყვარული სამი წელი ცოცხლობს“ ავტორი ფრედერიკ ბეგბედერი ქართველ მკითხველებს 4 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვდება.
ინფორმაცია ამის შესახებ გაავრცელა გამომცემლობამ Palitra L, რომელიც ბეგბედერის წიგნებს ქართულ ენაზე გამოსცემს.
ბეგბედერი შეხვდება თავის თაყვანისმცემლებს, უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს და ავტოგრაფებს დაარიგებს. შეხვედრა 19 საათზე დაიწყება.
ფრედერიკ ბეგბედერი ქართველ თაყვანისმცემლებს ავტოგრაფებს ურიგებს
ფრედერიკ ბეგბედერი თბილისს მეორედ ეწვევა. პირველად ის ქართველ მკითხველებს 2016 წელს შეხვდა. მაშინ ბეგბედერი თბილისში ქართული ჟურნალი "12"-ის რედაქტორის, პარიზში მცხოვრები მსახიობის ოლგა ბაბლუანის მოწვევით იმყოფებოდა.
ფრედერიკ ბეგბედერი საფრანგეთის ქალაქ ნიოი-სიურ-სენში (Neuilly-sur-Seine) დაიბადა. დედა ფრანგულ ენაზე ქალთა რომანებს თარგმნიდა, მამა კი პროფესიონალი რეკრუტერი იყო.
პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტისა და შემდეგ ინფორმაციისა და კომუნიკაციების უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული ბეგბედერი მსხვილ სარეკლამო სააგენტო Young and Rubicam-ში კოპირაიტერი ხდება. ამავდროულად ის ლიტერატურის კრიტიკოსის რანგში თანამშრომლობდა პოპულარულ ჟურნალებთან Elle, Paris Match, Voici ou encore VSD.
ფრედერიკ ბეგბედერი "უნა და სელინჯერი"
რომან „99 ფრანკის“ გამოსვლის შემდეგ, რომელიც სარეკლამო ბიზნესის მწვავე სატირას წარმოადგენს, ბეგბედერს Young and Rubicam-იდან ათავისუფლებენ.
ამის შემდეგ ბეგბედერი 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფრანგი პოლიტიკოსის რობერ იუს (Robert Hue) უფასო კონსულტანტი გახდა. 2003 წლის იანვარში საგამომცემლო ჯგუფმა Flammarion ბეგბედერს რედაქტორის ადგილი შესთავაზა.
ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს მწერალთა სახლში გამართულ შეხვედრაზე
ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მწერალს დამსახურებული დიდება მოუტანა რომანებმა: „შეშლილი ახალგაზრდის მემუარები“ (1990), „არდადეგები კომაში“ (1995), „სიყვარული სამი წელი გრძელდება“ (1997), „ნოველები ექსტაზის დროს“ (1999), „რომანტიკული ეგოისტი“ და „99 ფრანკი“, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა 2000 წელს.
გარდა ამისა, ის ლიტერატურული პრემიის დამფუძნებელია, რომელიც მიშელ უელბეკისა და ვირჟინია დეპანტის წიგნებს მიენიჭა.
ბეგბედერმა კინემატოგრაფიაშიც კი მოსინჯა ბედი — გადაღებულია ეპიზოდურ როლში პორნოგრაფიულ ფილმში „მენავის ქალიშვილი“.