ახალგაზრდებს ესეების კონკურსზე იწვევენ

კონკურსის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებსაც სურთ ქართულ-რუსული კავშირების განვითარება.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ახალგაზრდებს საქართველოდან შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ესეების კონკურსში, რომელსაც ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ცენტრი ატარებს.
კონკურსის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტები, მათ შორის სტუდენტები, რომლებიც იკვლევენ ორმხრივ ურთიერთობებს, ევროატლანტიკურ რეგიონსა და კავკასიას და რომელთაც სურთ განავითარონ საქართველო-რუსეთის კავშირები.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს:
ახალგაზრდა სპეციალისტები საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის, ეკონომიკის, რეგიონული კვლევებისა და კულტუროლოგიის დარგში;
საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივისტები, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო საქმიანობასა და სახალხო დიპლომატიის საკითხებში;
ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის ორგანოების, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები;
პროფილური ფაკულტეტების სტუდენტები, ასპირანტები.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეივსოს ანკეტა, რომელსაც უნდა დაერთოს არაუმეტეს 10 ათასი სიმბოლოს მოცულობის ესე. ესე შეიძლება დაიწეროს რუსულად ან ქართულად.
ნამუშევრის თემას, რომელიც კავკასიურ და ევროატლანტიკურ რეგიონს ეძღვნება, კონკურსანტები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ ისეთი სფეროების ფარგლებში, როგორიცაა პოლიტიკა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, სოციალური და კულტურული დარგები.
მონაწილეთა ასაკი – 18-დან 35 წლამდე. პროგრამის მონაწილეთა სია კონკურსის საფუძველზე ჩამოყალიბდება. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა ამ წლის 13 მაისი, შედეგები 23 მაისამდე გამოცხადდება.
კონკურსის შედეგების მიხედვით გამოვლინდება ათი გამარჯვებული. თითოეული მათგანი მიიღებს სამახსოვრო სიგელს და მიწვევას – მონაწილეობა მიიღოს ქართულ-რუსულ დიალოგში, რომელიც ივლისის დასაწყისში რუსეთში გაიმართება.