„აქტივების მიტაცება“: რამდენი რუსული ფულის დახარჯვა შეუძლია აშშ-ს

Sputnik
მიხაილ კატკოვი, ალიონა კაზაკოვა
ამერიკელებმა დაპატიმრებული რუსული აქტივებიდან 2 მილიონი დოლარის გაგზავნა გადაწყვიტეს უკრაინის დასახმარებლად. ეს არ არის სხვისი ქონების წართმევის პირველი შემთხვევა: ავღანეთიდან 7 მილიარდი წაიღეს, ირანიდან კი ბევრად მეტი. თუ ვაშინგტონი ძალიან განრისხდება, მოსკოვი ბევრს დაკარგავს.

იძულებითი დახმარება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უშვებს გაყინული რუსული სახსრების გამოყენებას უკრაინის მხარდასაჭერად და ასევე „რუსეთის დემოკრატიზაციისთვის“ (417 კონგრესმენი მომხრე, 8 წინააღმდეგი).
მათ მოუწოდეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, გაყიდოს სანქციებით დაკავებული ფუფუნების საგნები, წერს The New York Times. მართალია, კანონპროექტი, რომელიც ამ აქტივების მფლობელებს ასეთი ქმედებების გასაჩივრების უფლებას ართმევდა, არ გავიდა, მაგრამ სიხარული ჯერ ნაადრევია.
როგორც ბაიდენმა თქვა, კონგრესს წინადადებების პაკეტს უგზავნის რუსი ოლიგარქებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაგროვილი თანხები ჩამოერთვათ... შეიქმნება ახალი მექანიზმები ამ ქონების ჩამორთმევის მიზნით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ოლიგარქიული აქტივების გაყიდვიდან შემოსული თანხა პირდაპირ იმ ზარალის აღმოსაფხვრელად წარიმართოს, რომელიც უკრაინას მიადგა“, — აღნიშნა ბაიდენმა.
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტი განიხილავს რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარების შესაძლებლობას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ პირობა დადო, რომ მოსკოვი უპასუხებს ვაშინგტონის ყველა გადაწყვეტილებას, „თუნდაც ასეთ იდიოტურს“.
ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ გაყინული აქტივები რუს ბიზნესმენებს არ დაუბრუნდებათ. და ამას თავადვე უწოდა „მიტაცება“.
და ვაშინგტონი, დიდი ალბათობით, 2 მილიონით არ შემოიფარგლება. ამერიკელებმა გაყინეს 100 მილიარდი დოლარი, რომელიც ეკუთვნის რუსეთის ცენტრალურ ბანკს, მაგრამ ფედერალური რეზერვის ანგარიშებზე დევს. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ენტონი ბლინკენი არ მალავს, რომ თეთრი სახლი განიხილავს ვარიანტებს, როგორ გაგზავნოს ეს თანხა კიევში. ხელს იურიდიული დეტალები უშლით.
ზელენსკის მადა კიდევ უფრო დიდია: მას ცენტრალური ბანკისა და რუსი მილიარდერების სახსრებიდან 400 მილიარდი დოლარის იმედი აქვს.

ძარცვა დღისით-მზისით

გასულ წელს ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ამერიკელებმა დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი გაუყინეს ავღანეთს. მათ განმარტეს, რომ ეს იქნებოდა დიპლომატიური ბერკეტი ქაბულზე ზეწოლის განსახორციელებლად.
თანხის ნაწილი 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაზარალებული ოჯახების კომპენსაციისთვის მიიმართა, დანარჩენი კი ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება. თალიბებმა ამას ყაჩაღობა უწოდეს, მაგრამ ვაშინგტონს უხერხულად არ უგრძვნია თავი. ისინი ავღანეთის ეკონომიკაში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ოცი წლის ინვესტიციებს იშველიებენ არგუმენტად, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმაც კი მოითხოვა ამ თანხის დაბრუნება, რადგან ქვეყანა „ბეწვზე ჰკიდია“.
თანაც ამერიკელებმა ხომ სამხედრო ტექნიკა დატოვეს ავღანეთში — დაახლოებით 7 მილიარდის ღირებულებისა. ყოველ შემთხვევაში, ასე იტყობინება CNN. თალიბების ხელში აღმოჩნდა სამხედრო თვითმფრინავები და მანქანები, იარაღი, საბრძოლო მასალა და საკომუნიკაციო აღჭურვილობა.
ირანს კი ესეც არ ერგო. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ გაყინული ირანული აქტივები 100-120 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. უფრო მეტიც, თანხები ინახება არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ლუქსემბურგში, იაპონიასა და ერაყში. მისი უმეტესი ნაწილი — ნავთობიდან მიღებული შემოსავლებია.
რევოლუციამ დაამხო ვაშინგტონისადმი მეგობრულად განწყობილი შაჰი მუჰამედ ფეჰლევი. თეირანში აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ, 66 ამერიკელი მძევლად აიყვანეს. ბოლო მათგანი მხოლოდ 1981 წლის ბოლოსღა გაათავისუფლეს.

არც სასამართლო, არც ფული

"ამერიკული მხარის ასეთი ქმედებები ყოველგვარ საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს მიღმაა. ცხადია, ეს ხაზი გაგრძელდება, ისინი გადადგამენ ნაბიჯებს, რომლებიც ადრე შეუძლებელი ჩანდა, – მიიჩნევს საერთაშორისო იურისტი დიმიტრი რომანენკო. – რა თქმა უნდა, საუბარი იქნება საპასუხო ზომებზე. რუსეთს შეუძლია დაიტოვოს უფლება, ჩამოართვას ქვეყანაში მყოფ ამერიკულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქტივები“.
ის ეჭვობს, რომ კონგრესის გადაწყვეტილების გასაჩივრება მოხერხდეს, რადგან „არავის შერცხვება“ საერთაშორისო სასამართლოებზე ზეწოლა — რა თქმა უნდა, არა რუსეთის სასარგებლოდ.
„გაყინული რუსული 300 მილიარდი დოლარის გამოყენების იდეა გამოითქვა კიევში, შემდეგ კი ვაშინგტონში, — აღნიშნავს ვლადიმირ ვასილიევი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-ისა და კანადის კვლევების ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი, — მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამაში გარკვეული სამართლებრივი ბარიერები არსებობს. ერთია ანგარიშების გაყინვა, სულ სხვაა ხელმისაწვდომი თანხების დახარჯვა. ამისთვის ეროვნული ხელისუფლება ან სასამართლო ხელისუფლება არ არის საკმარისი“.
მისი თქმით, მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა. „დიახ, ეს ავღანურ სიტუაციას გვახსენებს, მაგრამ „თალიბანი“ აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციაა. ეს შეიძლება ჩაითვალოს ნახევრად პრეცედენტად. ჩვეულებრივ, თანხები იყინება, როგორც ირანთან დაკავშირებით მოხდა, და შემდეგ წყდება მათი დაბრუნების საკითხი. ან ეს აქტივები ინახება განუსაზღვრელი ვადით და გამოიყენება ეკონომიკური კომპენსაციისთვის“, — დასძენს ექსპერტი.
რუსული ფული შესაძლოა ევროკავშირის იმ ქვეყნებსაც გადასცენ, რომლებმაც უკრაინელი ლტოლვილები მიიღეს. თუმცა ექსპერტი ეჭვობს, რომ ეს თანხები დანიშნულებისამებრ დაიხარჯება.
ვაშინგტონი უაღრესად სახიფათო პრეცედენტს ქმნის გლობალურ ფინანსურ პრაქტიკაში. და არცერთი ქვეყანა არ შეიძლება იყოს დარწმუნებული, რომ მის დანაზოგს საფრთხე არ ემუქრება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე