როდის დაიკლებს საწვავის ფასი: პრემიერმა კონკურენციის სააგენტოსთან შეხვედრა გამართა

კონკურენციის სააგენტო საწვავის ბაზარზე დაკვირვებას განაგრძობს, რათა შეიმუშავოს სრულყოფილი რეკომენდაციები ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ხელშესაწყობად.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარებას დააკვირდება და ანგარიშს ეკონომიკურ საბჭოს 15 მაისამდე წარუდგენს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საწვავზე ფასების ზრდის ბოლო ეტაპი საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი ნახტომი მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი თითქმის 12%-ით გაძვირდა, ერთი ლიტრის ფასი თითქმის 3,8 ლარს აღწევს, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინი თითქმის 4 ლარი გახდა. ექსპერტები ფასების ზრდის ძირითად ფაქტორებად ასახელებენ მსოფლიო ბაზარზე შექმნილ ვითარებას და ვალუტის გაცვლით კურსს.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ საავტომობილო საწვავის ფასებზე არსებული ვითარების შესახებ გასული სამი თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სააგენტო საწვავის ბაზარზე დაკვირვებას განაგრძობს, რათა შეიმუშავოს სრულყოფილი რეკომენდაციები ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ხელშესაწყობად.
საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები. დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნის საფუძველზე აქტიურად ხორციელდება რეფორმები, რომლის შედეგებიც სახეზეა და მიმდინარეობს მოქალაქეებისთვის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების გაიაფების პროცესი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თურქეთის ბაზრის გახსნამ, საიდანაც იმპორტირებული 250-ზე მეტი დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის შეძენა 70-80%-ით უფრო ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი. ამასთანავე, დაინერგა ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემა, რაც ასევე უწყობს ხელს ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას.