ძიუდო: ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალურ ორთაბრძოლაში ჩეხი ვერა ზემანოვა დაამარცხა. მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ლუხუმ ჩხვიმიანსაც.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik.ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრებიდან მედლის მოპოვება მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანმა შეძლო.
22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ბრინჯაოს მედალი აიღო. ლიპარტელიანმა ტურნირი მეორე წრიდან დაიწყო, სადაც პოლონელი არლეტა პოდოლაკი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ კი ფრანგ პრისცილა ნიეტისთან სუფთა გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში ისევ ფრანგ სარა ლეონი სისიკეს დაუპირისპირდა და დამარცხდა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლიპარტელიანმა ჩეხ ვერა ზემანოვას სძლია.
ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე ოთხი ძიუდოისტი გავიდა. ბრინჯაოსთვის მედლისთვის იჭიდავა და დამარცხდა ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელიც 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ამავე წონაში უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა ჯაბა პაპინაშვილმა. ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა ასევე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ).
30 აპრილს სოფიაში ტატამზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) იასპარეზებენ. კონტინენტის პირველობაში მონაწილეობას, რომელიც 1 მაისს დასრულდება, 40 ქვეყნის 360-მდე ძიუდოისტი იღებს.