საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დიალიზის კაბინეტები გაიხსნება

Sputnik
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. უახლოეს მომავალში თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის კაბინეტები გაიხსნება, იუწყება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა უკვე მოინახულა ჯანდაცვის ცენტრები, სადაც დიალიზის განყოფილებები მოეწყობა.

„თიანეთსა და ყაზბეგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზურაბ აზარაშვილი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრებში დასაქმებულ მედპერსონალსაც შეხვდა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თიანეთსა და ყაზბეგში აღნიშნული სერვისის დანერგვის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებას ადგილზე მიიღებს.
გარდა ამისა, მომავალში დიალიზის თერაპია ხელმისაწვდომი იქნება მესტიისა და ამბროლაურის მოსახლეობისთვისაც.
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად რეგიონული ჯანდაცვის ცენტრებს ასევე ეწვივნენ მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი აბაიაძე.