ვადიმ პავლოვი
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სპეცოპერაციის დაწყებისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტის მიღების შემდეგ სხვადასხვა საფონდო კორპორაციები, ფინანსური ორგანიზაციები, ანალიტიკური და სარეიტინგო სააგენტოები რეგულარულად წინასწარმეტყველებენ, რომ მოსკოვი დაკარგავს გადახდისუნარიანობას და, შედეგად, მოხდება დეფოლტი.
რამდენად მაღალია დეფოლტის ალბათობა, იქნება თუ არა ის 1998 წლის კრიზისის მსგავსი და როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ამან რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე?
მარტივი სიტყვებით
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სპეცოპერაციისა და ამას მოყოლილი საერთაშორისო სანქციების ტალღის ფონზე რუსეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, სამი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს (Standard & Poor's, Moody's და Fitch Ratings) მონაცემებით, ინვესტიციური დონიდან დეფოლტისწინამდე დაეცა.
რუსეთს ასეთი რეიტინგები 1998 წლიდან არ ჰქონია, აღნიშნავს ოლგა ბელენკაია, FG Finam-ის მაკროეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„რეიტინგის შემცირება ასახავს სააგენტოების ეჭვებს, რომ მას შემდეგ, რაც G7 ქვეყნებმა ცენტრალური ბანკის სარეზერვო აქტივები ყველაზე ლიკვიდურ ვალუტებში (დოლარი, ევრო, ბრიტანული ფუნტი) გაყინეს, რაც რამდენიმე მსხვილი რუსული ბანკი საერთაშორისო გადახდების სისტემა SWIFT-დან გათიშეს, ასევე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის უარის შემდეგ რუსული ენერგორესურსების შესყიდვაზე, სახელმწიფოს აღარ დარჩება რესურსი და სურვილი, მოემსახუროს და დაფაროს თავისი ვალები“, — ამბობს ექსპერტი.
უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს აქვს საგარეო ვალის მომსახურების გარკვეული ვალდებულებები – ქვეყანა ვალდებულია საერთაშორისო ინვესტორებს გადაუხადოს პროცენტი თავის ობლიგაციებზე უცხოურ ვალუტაში.
მიუხედავად რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და დასავლეთის მიერ რუსეთის ცენტრობანკის აქტივების გაყინვისა, მარტში მოსკოვმა რეგულარულად და დროულად გადაიხადა გადასახადები.
თანხა აშშ-ში რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული ანგარიშებიდან ჩამოიჭრა. გადახდები განხორციელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ ინდივიდუალური ნებართვები გასცა კორესპონდენტ ბანკზე (J.P. Morgan) და მის გადამხდელ აგენტზე (Citibank ან Bank of New York Mellon).
აპრილის დასაწყისში რუსეთის ფედერაციას უნდა განეხორციელებინა მორიგი გადახდა ევროობლიგაცია „რუსეთი-2022“-ის ემისიაზე, რომელიც დენომინირებულია დოლარებში. თუმცა იმ დღეს შეერთებულმა შტატებმა აკრძალა რუსეთის გაყინული რეზერვებიდან გადახდა.
შედეგად – უცხოურმა კორესპონდენტმა ბანკმა უარი თქვა საგადახდო დავალების შესრულებაზე და რუსეთმა, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს გადახდების განხორციელების საშუალება, ვერ შეძლო მათი შესრულება.
შეერთებული შტატების ასეთი გადაწყვეტილების მიზანი, როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენიფერ ფსაკიმ განმარტა, არის ის, რომ აიძულოს რუსეთი, გააკეთოს არჩევანი. შტატები არჩევანის გაკეთებას სამი არამიმზიდველი ვარიანტიდან გვთავაზობს: გადახდები განხორციელდეს დოლარის იმ რეზერვებიდან, რომლებიც რუსეთშია და რომელთა გაყინვაც დასავლეთმა ვერ შეძლო; განახორციელოს გადახდები ექსპორტის ახალი შემოსავლის ხარჯზე არსებული შემოსავლებიდან, ან აღმოჩნდეს დეფოლტის მდგომარეობაში.
მაგრამ რუსეთმა სხვა ვარიანტი აირჩია. რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ თანხები ეროვნულ საანგარიშსწორებო დეპოზიტარზე გადარიცხა რუბლებში რუსეთის ცენტრალური ბანკის გაცვლითი კურსით 4 აპრილის მდგომარეობით.
ამგვარად რუსეთმა მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქვეყანას აქვს ფინანსური რესურსები და მზადაა, სრულად გადაიხადოს ვალდებულებები.
როგორც ოლგა ბელენკაიამ განმარტა, არამეგობრული ქვეყნებიდან ინვესტორებს გადახდები "C" ტიპის ანგარიშებზე შეუძლიათ მიიღონ.
ანუ, სანამ რუსეთს შეზღუდული აქვს წვდომა უცხოურ სავალუტო ანგარიშებზე, უცხოელი ინვესტორები არამეგობრული ქვეყნებიდან შეზღუდული არიან რუბლის სხვა ვალუტაში კონვერტაციის კუთხით.
„ამ ღონისძიების არსი სწორედ ისაა, რომ ისინი ვერ შეძლებენ რუბლების დოლარში გაცვლას რუსეთის შიგნით და მათ აქედან გატანას, – ამბობს ალექსეი ზუბეცი, სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკის დოქტორი. – ფორმალურად, ქვეყანაში ამაზე მოდავება შეუძლებელია. ფული ხომ მიიღეთ? მიიღეთ. აი თქვენ ფული, ანგარიშზე დევს, ეცადეთ სწორად გამოიყენოთ. მაგალითად, იყიდეთ აქციები მოსკოვის ბირჟაზე. ხოლო თუ მათი ამოღება გსურთ, ამას ვერ შეძლებთ. ამაშია აზრი. ეს არის აბსოლუტურად კომპეტენტური გადაწყვეტილება“.
დასავლეთი არ დაკმაყოფილდა ასეთი შედეგით და გამოცხადდა, რომ დოლარის ობლიგაციების რუბლებში გადახდა ნიშნავს დეფოლტს 30 დღის შემდეგ – უკვე 4 მაისს რუსეთს ელოდება დეფოლტი.
თუ შევაჯამებთ, სიტუაცია ასეთია: რუსეთს აქვს ფული, გადახდისუნარიანობა მაღალ დონეზეა, მაგრამ დეფოლტი უფრო რეალურია და, დიდი ალბათობით, აშშ ამას 4 მაისს გამოაცხადებს. მაგრამ ეს დეფოლტი დაკავშირებული იქნება არა იმასთან, რომ ვალდებულებების დროული გადახდისთვის სახსრები არ არსებობს, არამედ იმასთან, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო ეს გადახდა ტექნიკურად შეუძლებელია.
როგორი იქნება დეფოლტი (თუ გამოცხადდა)
დეფოლტი, როგორც ეს ხალხს ხშირად წარმოუდგენია, რუსეთში შეუძლებელია. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის მთლიანმა ვალმა საგარეო ვალდებულებებზე 2022 წლის დასაწყისში შეადგინა 478,2 მილიარდი დოლარი (საგარეო სახელმწიფო ვალი მხოლოდ 59,5 მილიარდი დოლარია), ხოლო რუსეთის ფედერაციის მხოლოდ ოქროსა და სავალუტო რეზერვები 643,2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ანუ, ყველა დავალიანების გარეშე რუსეთს რჩება დაახლოებით 165 მილიარდი დოლარის წმინდა რეზერვები.
სხვათა შორის, ოქროს მარაგით მსოფლიოს ხუთეულში არცერთ ქვეყანას, გარდა რუსეთისა, არ აქვს წმინდა მარაგები – ყველა მათგანს აქვს დავალიანება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ოქროს მარაგის მოცულობას.
„ახლა სააგენტოების მიერ ნავარაუდევი დეფოლტი ფუნდამენტურად იქნებოდა განსხვავებული 1998 წლის დეფოლტისგან, ამის მიზეზები დღეს ეკონომიკურ სფეროში არ არის, – ამბობს ოლგა ბელენკაია. – მაშინ, 1998 წელს ბიუჯეტში ვალის დაფარვისა და მომსახურებისთვის სახსრები, ცენტრალური ბანკის რეზერვები ამოწურული იყო. ახლა არის ყველა ეკონომიკური და ფინანსური პირობა, რომ რუსეთი უპრობლემოდ მოემსახუროს ვალს. თუმცა, სანქციების შედეგად ფინანსთა სამინისტროს ჩამოერთვა ახალი საგარეო სესხების მოზიდვის შესაძლებლობა არსებულის რეფინანსირებისთვის და ცენტრალური ბანკის რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბლოკა, სანქციებმა გათიშა რუსეთის ზოგიერთი უმსხვილესი ბანკი საერთაშორისო ანგარიშსწორებიდან“.
მას ეთანხმება PRUE-ს ფინანსური მართვის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი აიაზ ალიევი: „1998 წლის დეფოლტი განსხვავდება შესაძლო მომავალი დეფოლტისგან. 1998 წელს ქვეყანამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, ეს ნამდვილად იყო დეფოლტი. ახლა რუსეთს აქვს საშუალება შეასრულოს თავისი ვალდებულებები, მაგრამ სანქციების გამო ისინი მიუწვდომელია“.
უცნაური იქნება, თუ რუსეთი, დასავლეთის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების გათვალისწინებით, დათანხმდება ვალების გადახდას მათი პირობებით, მიიჩნევს ალექსეი ზუბეცი.
„ეს სრულიად აშკარა და სწორი ღონისძიებაა, რომ გადახდები რუბლებში განხორციელდეს გაცვლითი კურსით, – ამბობს ის. – დეფოლტი, დარწმუნებული ვარ, გამოცხადდება. მაგრამ ეს იქნება არა გადახდისუუნარობის გამო დეფოლტი, არამედ დაწესებული შეზღუდვების გამო. ე.წ. ტექნიკური დეფოლტი, მე ვიტყოდი, ხელოვნური დეფოლტი არანაირად არ იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე და რუბლის კურსზე, არანაირად არ იმოქმედებს კომპანიებსა და რიგით მოქალაქეებზე“.
ექსპერტის აზრით, ეკონომიკური ბლოკადის პირობებში, რომელშიც დღეს ცხოვრობს რუსეთი, ამ დეფოლტის შედეგებმა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროზე შეიძლება დადებითი როლი ითამაშოს.
„იმიტომ რომ ჩვენ რომ ახლა საგარეო ვალის გადახდა დასავლეთის პირობებით დაგვეწყო, მაშინ ქვეყანაში ნაკლები ვალუტა იქნებოდა, – ამბობს ალექსეი ზუბეცი, – და ნაკლები თანხა იქნებოდა იმ სამომხმარებლო საქონლის შესაძენად, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას სჭირდება. მთლიანობაში უარყოფითი ზეგავლენა ნამდვილად არ მოხდება“.
„რუსეთის პოტენციური დეფოლტის შედეგები შეიძლება იყოს ინვესტორების გრძელვადიანი და მუდმივი ეჭვი მომავალში რუსეთის, როგორც სუვერენული მსესხებლის, სანდოობის შესახებ, — აღნიშნავს ოლგა ბელენკაია. — თუმცა ახლა ამას მცირე ეფექტი ექნება — სანქციების გამო რუსეთი ისედაც ვერ ახერხებს დაფინანსების მოზიდვას ყველაზე მნიშვნელოვან შიდა ბაზრებზე“.
ალექსეი ზუბეცი მიიჩნევს, რომ რუსეთის საკრედიტო რეიტინგის დაქვეითება წმინდა სიმბოლური ამბავია, რომელსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„სანამ უცხოელი ინვესტორები არ შემოდიან რუსეთში, სანამ მათი ფული არ მოდის რუსეთში, ყველა ეს რეიტინგი არაფერს ნიშნავს, ამას რუსეთისთვის არანაირი ეკონომიკური მნიშვნელობა არ აქვს“, – ასკვნის ექსპერტი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე