თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა“.
კონკურსის მიზანია სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრის – კარიკატურის ტრადიციების აღორძინება და მისი განვითარება საქართველოში; კარიკატურის ჟანრში მომუშავე ხელოვანთა წარმოჩენა–პოპულარიზაცია მათი ნამუშევრების შექმნისა და გამოფენის გზით.
კონკურსისთვის გამოყოფილია თანხა 50 ათასი ლარი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან საქართველოში. მონაწილეს მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა შეუძლია.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს პროექტს, რომლის კონცეფცია გამოირჩევა ორიგინალური ხედვითა და აქტუალურობით, ან რომელიც ითვალისწინებს პარტნიორების ფინანსურ ან სხვა ტიპის თანამონაწილეობას.
განაცხადების მიღება გაგრძელდება 2022 წლის 6 მაისის 12:00 საათამდე მატერიალური სახით სამინისტროში მისამართზე – სანაპიროს 4, ან ელექტრონული სახით ფოსტაზე info@culture.gov.ge.