ვადიმ პავლოვი
კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელსაც შეიძლება შეეჯახოს რუსეთი დასავლეთის სასანქციო ზეწოლის დროს, შეიძლება იყოს აშშ-ის მთავრობის კუთვნილი სანავიგაციო სისტემა GPS-დან გათიშვა.
როგორ მუშაობს ამერიკული სისტემა, ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა რუსეთის GPS-დან გათიშვა მეზობელ ქვეყნებზე ზემოქმედების გარეშე და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ გადაწყვეტილებას?
გათიშავენ თუ არა რუსეთს GPS-დან?
ანტირუსული სანქციების შემდეგი დასავლური პაკეტი შეიძლება მოიცავდეს რუსეთის ფედერაციის გათიშვას მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული თანამგზავრული სისტემა GPS-დან, განაცხადა მარტში „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დმიტრი როგოზინმა.
თავის მხრივ, გასულ კვირაში „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსგან (EASA) მიიღო ინფორმაცია GPS სიგნალში შესაძლო გაუმართაობის შესახებ.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ტერიტორიაზე GPS სიგნალების გათიშვის ან მათი დამახინჯების პოტენციურ რისკზე საუბარი არ არის.
მიუხედავად ამისა, „როსავიაციამ“ ყველაფერი „წინასწარ აცნობა ამ საკითხით დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და ავიაკომპანიებს“.
როგორ მუშაობს GPS?
დღეს სისტემა წარმოადგენს 32 თანამგზავრისგან შემდგარ ქსელს ორბიტაზე. თანამგზავრები დედამიწის გარშემო ექვს ორბიტაზე მოძრაობენ და ინფორმაციას გზავნიან ჩვენს პლანეტაზე.
დედამიწაზე მრავალი მოწყობილობა (დაწყებული სმარტფონებითა და ნავიგატორებით, დასრულებული თვითმფრინავებითა და გემებით) ამ სიგნალებთანა ჩართული, რათა ზუსტი ინფორმაცია მიიღოს ადგილმდებარეობაზე.
აქვს თუ არა GPS-ს ანალოგები?
უნდა გვესმოდეს, რომ GPS არ არის ერთადერთი სანავიგაციო სისტემა მსოფლიოში. მაგალითად, ევროპული სისტემა Galileo, ჩინური Beidou და რუსული GLONASS დაახლოებით ანალოგიური სქემის მიხედვით მუშაობენ.
ასეთი სისტემის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად (პლანეტის გლობალური დაფარვა) და „თანამგზავრების თანავარსკვლავედის“ შესაქმნელად ორბიტაზე საჭიროა 24 აპარატის არსებობა. რუსულ GLONASS-ს ორბიტაზე 25 აპარატი ჰყავს.
იმის მიუხედავად, რომ GLONASS და GPS არსებითად მსგავსია, მათ შორის მაინც არის განსხვავებები.
მაგალითად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკული სისტემის თანამგზავრები განლაგებულია ექვს ორბიტალურ სიბრტყეში. ეს ხდის GPS-ს უფრო ზუსტს, ვიდრე არის GLONASS-ი, რომლის თანამგზავრებიც სამ სიბრტყეზეა განლაგებული.
თუმცა განსხვავება არცთუ ისე მნიშვნელოვანია: GPS-ის სიზუსტე 5 მეტრია, GLONASS-ისა კი — 5-10 მეტრი. ამასთან რუსული სისტემა ვითარდება და მისი სიზუსტეც იზრდება.
მაგრამ თანამგზავრების მდებარეობის სიმაღლეში განსხვავება GLONASS-ს უფრო ზუსტს ხდის ჩრდილოეთ განედებში, ვიდრე GPS-ია. ამერიკული თანამგზავრების დაბალი მდებარეობა (რუსულთან შედარებით) არაზუსტ შედეგებს იძლევა ამ რეგიონებში.
ამას ჩრდილოეთის რამდენიმე ქვეყანაც აღიარებს. მაგალითად, ამის შესახებ საუბრობენ Swepos-ში (სატელიტური საცნობარო სადგურების შვედური ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ დროში პოზიციონირების მონაცემებს).
რუსულ სისტემას სხვა უპირატესობებიც აქვს ამერიკულთან შედარებით. კერძოდ, თანამგზავრებს არ აქვთ რეზონანსი, ანუ არ აქვთ სინქრონიზმი დედამიწის ბრუნვასთან, მათ არ სჭირდება კორექტირება ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, თანამგზავრები ბრუნავენ პლანეტისგან დამოუკიდებლად, რაც რუსული მოწყობილობების მუშაობას, ამერიკულთან შედარებით, უფრო სტაბილურს ხდის.
ასევე ამის წყალობით რუსულ თანამგზავრებს აქვთ მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის უფრო მაღალი სიჩქარე რეალურ დროში.
კიდევ ერთი პლუსი არის ის, რომ GLONASS სისტემის მხარდამჭერი მოწყობილობა უფრო იაფია, ვიდრე GPS-ისა, რაც ფინანსურად უფრო მომგებიანია კომერციული მომხმარებლებისთვის.
შესაძლებელია თუ არა GPS-ის გამორთვა კონკრეტულ ქვეყანაში და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?
კონკრეტული ქვეყნის გამორთვა GPS-დან ტექნიკურად შეუძლებელია, ამბობენ Sputnik-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები.
საქმე ისაა, რომ GPS თანამგზავრების პოზიცია მუდმივად იცვლება, ანუ თანამგზავრების ნაწილის გამორთვა გამოიწვევს მომხმარებლისთვის სიგნალის დაკარგვას არა კონკრეტულ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თითოეულ თანამგზავრს აქვს ძალიან დიდი დაფარვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რუსეთის ყველა მეზობელი დაზარალდება — ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და ევროპის ნაწილიდან დაწყებული, აზიის მთელ რიგ ქვეყნებამდე.
„ჩვენ უკვე ვიყავით გამორთული GPS-დან, როდესაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა იუგოსლავია დაბომბეს, — ამბობს ალექსეი მიგალინი, NavMarin-ის აღმასრულებელი დირექტორი (ნავიგაციის აღჭურვილობისა და საკომუნიკაციო სისტემების შემქმნელი და მწარმოებელი). — ამერიკელებმა კოორდინატების დადგენაში კორექტივები შეიტანეს და, შედეგად, სასურველი წერტილიდან გადახრები 200-500 მეტრი იყო“.
ახლა, მისი თქმით, თანამედროვე სატელიტური მიმღები (GNSS) მდებარეობას სხვადასხვა სატელიტური სანავიგაციო სისტემების — GPS, GLONASS, Galileo, Beidou-ს გამოყენებით განსაზღვრავს.
„მას შეუძლია ამოიცნოს, არის თუ არა შეფერხებები რომელიმე სისტემაში. თუ ის შენიშნავს, რომ შეფერხება მოდის GPS-დან, მაშინ ავტომატურად გამორიცხავს ამ მონაცემებს კოორდინატების განსაზღვრის გაანგარიშებიდან. ამიტომ თუ GPS ცუდად იმუშავებს, მაშინ სხვა სანავიგაციო სისტემების გამოყენების გზით პოზიციის მითითების სიზუსტე დიდად არ შეიცვლება. გარდა ამისა, GNSS მიმღებში შეგიძლიათ იძულებით გამორთოთ GPS და იმუშაოთ GLONASS-ზე და სხვა „თანავარსკვლავედებზე“, — განმარტა ექსპერტმა.
ამიტომ, მისი თქმით, თუ რუსეთს მაინც გათიშავენ GPS-დან, არაფერია სანერვიულო. თუ GPS სიგნალების მიღება შეუძლებელი გახდება, ინფორმაციის მიღება სხვა სატელიტური სისტემებიდან იქნება შესაძლებელი (თუმცა ეს ახლაც ასეა).
„როგორც აქამდე მუშაობდა ყველაფერი, ისევ ისე იმუშავებს. სმარტფონების უმეტესობაც ისევ ნორმალურად იმუშავებს რუსეთში, მდებარეობასაც აჩვენებს და ობიექტებსაც მოძებნის ნავიგატორში“, – ამბობს ალექსეი მიგალინი.
მთლიანობაში, როგორც სერგეი იურჩენკო ამბობს (შპს Advantum-ის პროექტის მენეჯერი), GPS-ის გამორთვა პრაქტიკულად არანაირ გავლენას არ მოახდენს ბიზნესისა და პროცესების მიმდინარე მდგომარეობაზე რუსეთში და იმ ქვეყნებში, რომლებიც GLONASS-ს იყენებენ.
„ეს მრავალი მიზეზთაა განპირობებული. ჯერ ერთი, გლობალური დაფარვისთვის საჭიროა 24 თანამგზავრი, ხოლო რუსეთის ტერიტორიის დასაფარად 18-ია საკმარისი. ანუ GLONASS-ის თანამგზავრები საკმარისზე მეტია სამოქალაქო პრობლემების გადასაჭრელად. მეორეც, რუსეთში სანავიგაციო მოწყობილობას აწარმოებს 10-ზე მეტი საწარმო და ეს ყველაფერი მუშაობს ორი სისტემის — GPS/GLONASS-ის მონაცემების კომბინაციაზე. ეს იძლევა უფრო მეტ სიზუსტეს ობიექტის ადგილმდებარეობის განსაზღვრაში – დაახლოებით 2,37 მეტრი. და ეს მაშინ, როდესაც GLONASS მდებარეობას 2,8 მეტრამდე სიზუსტით საზღვრავს. ეს მაჩვენებელი საკმარისზე მეტია ლოგისტიკური პროცესების მხარდასაჭერად“, — განაცხადა სერგეი იურჩენკომ.
ის ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთში გაყიდული მოწყობილობების დიდ უმრავლესობას აქვს ორ სისტემასთან (GLONASS და GPS) მუშაობის უნარი, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს წაკითხვის სიზუსტეს და აღმოფხვრის ორივე სისტემის ნაკლოვანებებს.
რა ელის საავიაციო ინდუსტრიას?
რაც შეეხება რუსული თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოებას, როგორც „როსავიაციაში“ აღნიშნეს, რუსეთის ტერიტორიაზე GPS-ის მუშაობის გამორთვა ან შეფერხება ამაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.
„გლობალური სანავიგაციო თანამგზავრული სისტემის სიგნალები არის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი. გარდა თანამგზავრული ნავიგაციისა, თვითმფრინავის პოზიციას განსაზღვრავს თვითმფრინავის ინერციული სანავიგაციო სისტემა, ასევე სახმელეთო სისტემები და დამხმარე საშუალებები ნავიგაციისა და დაშვების უზრუნველყოფისთვის“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
„როსავიაციის“ განცხადებით, რუსეთის 115 აეროპორტში დღეს უკვე დამონტაჟებულია ადგილობრივი კონტროლისა და კორექტირების სადგურები, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ GLONASS და GPS სიგნალების სტატუსს, გასცემენ მათ კორექტირებას და დაუყოვნებლივ გადასცემენ ინფორმაციას შეფერხებების შესახებ თვითმფრინავებსა და დისპეტჩერებს.
„საჰაერო მოძრაობის მართვის ყველა ავტომატიზირებული სისტემა და სახმელეთო რადიოტექნიკური ფრენის მხარდაჭერის სისტემები აღჭურვილია ერთჯერადი სინქრონიზაციის სისტემებით GLONASS სიგნალების გამოყენებით“, – აღნიშნავენ უწყებაში.
ამასთან, დმიტრი როგოზინის განცხადებით, „როსკოსმოსი“, „როსავიაცია“ და რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო „რაც შეიძლება მალე დაამონტაჟებენ აღჭურვილობას GLONASS სიგნალების მისაღებად რუსეთში დარჩენილ სამოქალაქო თვითმფრინავებზე“.