თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ვენახების კადასტრის პროგრამა წელს აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კადასტრის პროგრამა ქვემო და შიდა ქართლში, ასევე მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება.
„ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის. კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები ცნობილია ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებითა და უნიკალურობით. აქ გავრცელებული ჯიშებიდან აღსანიშნავია ჩინური, გორული მწვანე, ბუდეშური თეთრი, თავკვერი, შავკაპიტო, ასურეთული შავი, ასევე იშვიათი ჯიშები: ძელშავი, ჭყაპა, დანახარული, მელიკუდა ქართლის, ჭროღა და სხვ. გარდა ადგილობრივი ჯიშებისა, ქართლში გავრცელებულია ისეთი უცხოური ჯიშებიც, როგორებიცაა ალიგოტე, პინო შავი და თეთრი და სხვ.
ვენახების კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს. შედეგად – კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში შეკრებილია ინფორმაცია 42.966 ჰა ვენახის, 35.336 მევენახის და 113.093 ნაკვეთის შესახებ.
2021 წელს კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ვენახების 26 ათასი ჰა ფართობები აღიწერა. რთველი-2021-ის ფარგლებში ორივე რეგიონის ყველა მევენახემ (ჯამში 23 ათასმა), ყურძენი საწარმოებს ვენახების კადასტრის ამონაწერით ჩააბარა.
ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვებით – ვენახის მდებარეობა, ვაზის ჯიშები, დარგვის თარიღი, ვენახის მდგომარეობა და ა.შ.
ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული.
წყარო - ღვინის ეროვნული სააგენტო