თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ბადრიჯანი შეიძლება მავნებელი იყოს ორგანიზმისთვის, თუ ის ზედმეტად გადამწიფებულია, აცხადებენ სპეციალისტები.
ირკვევა, რომ გადამწიფებულ ბადრიჯანში, რომელიც კანის ღრმა სიშავით ამოიცნობა, დიდი რაოდენობით ალკალოიდი სოლანინი შედის. სწორედ ის აძლევს ბადრიჯანს მომწარო გემოს. რაც უფრო მწიფეა ბადრიჯანი, მით მეტი სოლანინია მასში.
ორგანიზმში ჭარბად მოხვედრის შემდეგ აღნიშნულმა ალკალოიდმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, პირღებინება, გულისრევა, კრუნჩხვა, ჰაერის უკმარისობა და ცნობიერების აღრევა. მოწამვლის სიმპტომებს ხსნიან კვერცხის ცილის ან რძის მეშვეობით, ან ბევრი სითხით.
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მოწამვლის საფრთხე და ბადრიჯანს მწარე გემოც გაუქროთ, მომზადების წინ ის აუცილებლად უნდა გაიფცქვნას, დაჭრის შემდეგ კი ნახევარი საათით მოთავსდეს მარილწყალში. ამ მარტივი მანიპულაციის შედეგად ბადრიჯანში სოლანინის კონცენტრაცია 30%-ით მცირდება.
შემწვარი ბადრიჯნის მავნებლობა
მიუხედავად უამრავი ვიტამინისა და მიკროელემენტისა, შემწვარმა ბადრიჯანმა შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე. საქმე ისაა, რომ შეწვისას სასარგებლო უჯრედისი იშლება და თავად ბადრიჯანი საშიში ტოქსინებით ივსება. ამ ტოქსინებს გამოყოფს ზეთი, რომელშიც, როგორც წესი, იწვება ბადრიჯანი.
ასე რომ, შემწვარი ბადრიჯანი, უკეთეს შემთხვევაში უბრალოდ უსარგებლოა, ხოლო თუ ბევრს მიირთმევთ, ჭარბ კილოგრამებს ვერ ასცდებით. ამასთან შესაძლოა გაგიმწვავდეთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები. ამიტომ ჯობს ბადრიჯანი მოხარშული ან გამომცხვარი სახით მიირთვათ.
ვის ეკრძალება ბადრიჯანი?
დიეტოლოგები ბადრიჯნის რაციონიდან ამოღებას ურჩევენ ყველას, ვისაც რაიმე სახის პრობლემა აქვს საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით — იქნება ეს უბრალოდ კუჭის აშლილობა თუ წყლული.
ბადრიჯნის ხშირი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმაც. საქმე ისაა, რომ მასში ძალიან ცოტა ნახშირწყალია, რამაც შეიძლება გლუკოზის დონის დაქვეითება გამოიწვიოს — ეს კი ძალიან სახიფათოა დიაბეტიანებისთვის.
ბადრიჯანი მდიდარია მჟაუნმჟავით, რომელიც ხელს უწყობს თირკმლებში ქვების წარმოქმნას. შესაბამისად, ის მხოლოდ მცირე რაოდენობით შეუძლიათ მიირთვან მათ, ვისაც შარდკენჭოვანი დაავადება აწუხებს.
ბადრიჯნის მიმართ ფრთხილად უნდა იყვნენ ორსულები და მეძუძური დედებიც, ასევე ალერგიისადმი მიდრეკილი ადამიანები.
როგორ ავარჩიოთ ბადრიჯანი
გამომდინარე იქიდან, რომ ბადრიჯანში ყველაზე დიდ საფრთხეს სოლანინი წარმოადგენს, უპირველესად უნდა ავარჩიოთ ისეთი, რომელშიც ეს ალკალოიდი მცირე რაოდენობით იქნება — ანუ ნაკლებად მწიფე. ასეთი ნაყოფის ამოცნობა რთული არ არის. გადაუმწიფებელ ბადრიჯანს არ აქვს აბსოლუტურად შავი კანი. ანუ, რაც უფრო ღია ფერისაა ბადრიჯანი, მით ნაკლებია მასში სოლანინი.
ამასთან უსაფრთხო ბადრიჯანს ნედლი და მწვანე ყუნწი უნდა ჰქონდეს.
კიდევ ერთი მეთოდი „სწორი“ ბადრიჯნის შესარჩევად ასეთია: დააჭირეთ თითი ყუნწის ძირში, მერე კი აუშვით და დააკვირდით: თუ ბადრიჯანმა ფორმა დაიბრუნა, შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ იგი, ხოლო თუ „ღრმული“ დარჩა, ასეთს გვერდი აუარეთ. დიდი ალბათობით, ის უკვე გადაბერებულია და, შესაბამისად, სოლანინით „დატენილი“.