თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი ნინო ქათამაძე 25 ივნისს ბაქოში ჰეიდარ ალიევის სასახლის სცენაზე გამოვა, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“.
ქათამაძემ ბაქოში კონცერტი ბოლოს 2017 წელს გამართა. მომღერალი ამჯერად აზერბაიჯანული საზოგადოების წინაშე ახალი პროგრამით წარდგება.
გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტზე დამსწრეებს სიურპრიზი ელით, რომელსაც ორგანიზატორები ჯერჯერობით არ ამჟღავნებენ.
როგორც „Sputnik აზერბაიჯანი“ წერს, ქათამაძე ოთხი წლიდან მღერის. 1990 წელს ის ბათუმის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და მაშინვე გამოვიდა სამოყვარულო სცენაზე. 1994 წელს ქათამაძემ საქველმოქმედო ფონდი დააარსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი ხელოვანების დასახმარებლად.
ნინო ქათამაძის პროფესიული კარიერა 2000 წელს დაიწყო ჯგუფ Insight-ის დამფუძნებელ გოჩა ყაჭეიშვილთან თანამშრომლობით. მომღერალს აქვს უამრავი ჯილდო და პრიზი, მათ შორის: „წლის საუკეთესო მომღერალი“, „საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი“, „საუკეთესო ორიგინალური მუსიკა“, „წლის ადამიანი შოუბიზნესში“ და სხვა.