თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. მოძრაობა „სირცხვილია" ევროკავშირსა და აშშ-ს მიმართავს და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.
Youtube-ზე დღეს გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც თითქოსდა ბიძინა ივანიშვილი ტელეფონით ესაუბრება რუსული სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარე ვლადიმირ ევტუშენკოვს. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
„სირცხვილიას“ მტკიცებით, ივანიშვილი კრემლის ინტერესების გამტარია და სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.
„მივმართავთ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, დაუწესდეს სანქციები რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქართველო სანქცირებული რუსული კაპიტალის შავ ხვრელად აქცია“, — აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილისათვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამიაც.