მსოფლიო დღეს

უკრაინის ვიცე-პრემიერი: „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფანი დღეს არ გაიხსნება

Sputnik
თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფანი დღეს არ გაიხსნება, რადგან აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება არ არსებობს, წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი სოციალურ ქსელში.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჰუმანიტარული დერეფანი იხსნება ორივე მხარის შეთანხმებით. ცალმხრივად გამოცხადებული დერეფანი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და შესაბამისად, ფაქტობრივად, არ არის ჰუმანიტარული დერეფანი. ასე რომ, ოფიციალურად და საჯაროდ ვაცხადებ: სამწუხაროდ, დღეს „აზოვსტალიდან“ ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ შეთანხმება არ არსებობს“, — ნათქვამია ვერეშჩუკის განცხადებაში.
როგორც ვიცე-პრემიერი განმარტავს, მან კარგად იცის, რასაც ამბობს, ვინაიდან „პრეზიდენტის სახელით პირადად აწარმოებს მსგავს მოლაპარაკებებს და აწყობს ჰუმანიტარულ დერეფნებს“.
მანამდე რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია და დონეცკის ქვედანაყოფები 25 აპრილის 14:00 საათიდან (მოსკოვის დროით) ცალმხრივად წყვეტენ სამხედრო ოპერაციას „აზოვსტალის“ მახლობლად.