ვინ ითხოვს თავშესაფარს საქართველოში: გამოქვეყნდა ახალი მონაცემები

იანვრიდან მარტის პერიოდში საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიიღო 51-მა ადამიანმა, ხოლო ლტოლვილის სტატუსი - მხოლოდ ცხრამ.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით 364-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიმართა - სტატუსი მხოლოდ 60-მა მიიღო, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
1 იანვრიდან 31 მარტის პერიოდში თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობა უკრაინის მოქალაქე იყო. აღნიშნულ პერიოდში თავშესაფრის მიღების სურვილი უკრაინის 126-მა მოქალაქემ გამოთქვა.
განაცხადების მიხედვით მეორე ადგილზეა თურქეთის (52) და ირანის (31) მოქალაქეები. ქვეყნების ხუთეულში, რომელთა მოქალაქეები საქართველოში თავშესაფარს ითხოვენ, შედიან რუსეთისა და იორდანიის მოქალაქეებიც.
რაც შეეხება ლტოლვილის სტატუსს, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ხელისუფლებამ იგი მხოლოდ 9 უცხოელს მიანიჭა - ეგვიპტის სან, მოქალაქეობის არმქონე სამ პირს და ავღანეთის, პაკისტანისა და თურქეთის მოქალაქეებს.
ჰუმანიტარული სტატუსი მიიღო 51-მა უცხოელმა, მათ შორის ავღანეთის 21-მა და უკრაინის 13-მა მოქალაქემ.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვა 194 უცხოელს, მათ შორის 50 ირანის, 30 ეგვიპტის, 21 თურქეთის, 14 იორდანიის, 10 რუსეთის და 8 ეგვიპტის მოქალაქეა.
2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან გააძევეს 40 უცხოელი.
მათ შორის თურქეთის რვა, ირანის შვიდი, რუსეთის, ინდოეთისა და ეგვიპტის ოთხ-ოთხი, ასევე აზერბაიჯანის, მაროკოს, სუდანის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან.