თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტში პოლიციელის ცემის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა სენაკში დღეს დილით მოხდა - ქუთაისის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაკავებული პირები სენაკის პოლიცაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისგან სამართალდამცველზე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია.
„მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შეკრებილ ახალგაზრდებთან პოლიციელი მივიდა და მათ უცენზურო სიტყვებით მიმართა. შეიძლება ითქვას, რომ პოლიციელის მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ლაშა ხოშტარიამ.
გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.