ჩხენკელი: სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის აღდგომას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს

Sputnik
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
„თანამემამულენო, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას გილოცავთ ყველას, ვინც ამ უდიდეს დღესასწაულს დღეს ზეიმობთ. სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის აღდგომას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს– ეს დღესასწაული იმედის, სიკვდილზე გამარჯვებისა და მარადიული სიცოცხლის რწმენის სიმბოლოა. გილოცავთ, მშვიდობასა და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ!“, - ნათქვამია ჩხენკელის განცხადებაში.
საქართველო, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, დღეს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.