თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. ღვთიურ ცეცხლს ისრაელიდან საქართველოში სპეციალური რეისით 22:00 საათის შემდეგ ჩამოაბრძანებენ.
კუვუკლიიდან ცეცხლის გამოტანა სიმბოლურად გამოსახავს საფლავიდან გადმოსულ „ნათელ ჭეშმარიტს“, ესე იგი იესო ქრისტეს აღდგომას. უკვე 10 საუკუნეზე მეტხანს მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულის წინ კუვუკლიაში (მაცხოვრის საფლავზე აგებული სამლოცველო) ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონია ტარდება. ეს ცეცხლი სიწმინდედ მიიჩნევა.
წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიას ესწრებოდნენ ქართველი მომლოცველები და სასულიერო პირები დეკანოზ შალვა კეკელიას ხელმძღვანელობით, ღვთიურ ცეცხლს საქართველოში სწორედ ისინი ჩამოაბრძანებენ.
სპეცრეისი საქართველოში 22:00 საათის შემდეგ დაეშვება და მას დახვდებიან სასულიერო პირები და მორწმუნეები, რომლებიც შემდეგ ღვთიურ ცეცხლს საქართველოს ყველა ტაძარში მიიტანენ.
მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ–ერთი ყველაზე დიდი სასწაული — იერუსალიმში უფლის საფლავის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველწლიურად მართლმადიდებლური აღდგომის წინ, დიდ შაბათს ხდება. იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი 1995 წლიდან ჩამოაქვთ.