თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარ-მარტში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,8%-ით გაიზარდა და 383,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 2,8%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია:
26,4 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი,
17,7 ათასი ტონა ფეროშენადნობი,
9 ათას ტონაზე ცოტა მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო და ა.შ.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოსთვის მარცვლეულისა და ფქვილის ყველაზე დიდ მომწოდებლად კვლავ რუსეთი რჩება. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მეზობელი ქვეყნიდან ჯამური მასით 31,5 ათასი ტონა ხორბლის ფქვილია შემოტანილი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა: 141,7 ათასი ტონა გაზი, 54,4 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ა.შ.
რუსეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. 2021 წელს ქვეყნებმა 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი ივაჭრეს, რაც 23,2%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 38,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში - 15,8%-ით.