რამდენი სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა 18 წლიდან შრომისუნარიან მოქალაქეებს შეუძლიათ
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი– Sputnik. დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე 4,6 ათასი პირი დასაქმდა, იუწყება „ტვ პირველი“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 1 მარტს ამოქმედდა. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ 18 წლიდან შრომისუნარიან პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120.000-ს და იღებენ სოციალურ დახმარებას.
სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი დასაქმებული გურიის რეგიონშია, სადაც 1,2 ათასამდე სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა. დასაქმებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა კახეთის რეგიონი (714 ადამიანი), მესამეზე კი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 615 დასაქმებულით.
აღნიშნული პროგრამით ყველაზე ნაკლებად დასაქმდნენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (110 ადამიანი) და თბილისში (39 ადამიანი).

პროგრამის პირობები

დღეისთვის პროგრამა უკვე სთავაზობს ბენეფიციარებს 22 ათას ვაკანსიას, წლის ბოლომდე ეს რიცხვი 50 ათასამდე გაიზრდება.
პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე მუშაობაში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფოს შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე ფორმდება. დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 652,1 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17,5%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე.
საქართველოში უმუშევრობის დონე 2021 წელს 20,6%-ს შეადგენდა, ამას „საქსტატის“ მონაცემები მოწმობს.