GIPA-ს სტუდენტები თავდაცვის სამინისტროში სტაჟირებას შეძლებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან ერთობლივ პროექტებს ახორციელებს
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და GIPA-ს რექტორმა, მარინე იოსელიანმა მოაწერეს.
„მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისა და სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მემორანდუმის ფარგლებში, მოხდება თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების პროფესიული გადამზადება, მათთვის სამეცნიერო - კვლევითი შეხვედრების ორგანიზება და პროგრამებში ჩართულობა. ამასთან, თავდაცვის სამინისტრო სტუდენტებს უწყების დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას მისცემს.
თანამშრომლობის დოკუმენტის საფუძველზე, სამინისტროს ექსპერტები უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის სემინარების ჩატარებას უზრუნველყოფენ.