ქადაგიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ამომრჩეველს ასულელებს

Sputnik
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ამომრჩეველს არარსებული გამოკითხვებით ასულელებს, განაცხადა ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ.
ასე გამოეხმაურა ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მთავრობა საქართველოში უფრო მეტად პოპულარულია, ვიდრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„თქვენ იმიტომ ხართ ასეთ მდგომარეობაში, რომ საკუთარ ამომრჩეველს ტენდენციურ კვლევებით, სოციალურ სივრცეზე დაყრდნობილი მოლოდინებით და არარსებული გამოკითხვებით ასულელებთ... გეთანხმებით, სააკაშვილის შექმნილ ვირტუალურ სამშობლოში, ალბათ, მთავრობის პოპულარობა „მოიკოჭლებს“, – დაწერა ქადაგიძემ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაფუძნებულ „ქართულ ოცნებას“ მილიონობით ამომრჩეველი უჭერს მხარს.
„ყველაზე კარგი კვლევა არჩევნებია და ბოლო არჩევნებზე მოსახლეობის 70% ხმას მთავრობას თუ მისცემს და გაერთიანებული ოპოზიცია 30%-ს აიღებს, ეს უფრო დიდი ტრაგედიაა, თუ მათი თვითკმაყოფილი იდიოტიზმი?!“ – წერს ქადაგიძე.
ხუთშაბათს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის მორიგი გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. კითხვაზე „ყველაზე მეტად რომელი პარტიაა თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებთან ახლოს“, გამოკითხულთა 22%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 7%-მა „ნაციონალური მოძრაობა“. არცერთი პარტიის შეხედულებებს არ ემხრობა რესპონდენტთა 64%.
გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ, რომელიც საქართველოში რეგულარულად ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევას, არჩევნების წინ ვერც ერთხელ ვერ შეძლო სწორი პროგნოზის გაკეთება.