საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ვასილ მაღლაფერიძე 2017 წლის იანვრიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ხუთშაბათს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
საქართველოს პარლამენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილი ორი კანდიდატი, შესაბამისად, ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ტუღუში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად 13 აპრილს აირჩია.
დღეს გამართული კენჭისყრით მაღლაფერიძის კანდიდატურას საბჭოს ცხრა წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი. მაღლაფერიძის მთავარი კონკურენტი იყო ბესიკ ლილუაშვილი, რომელიც აჭარის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა. მაღლაფერიძე სამეურვეო საბჭოს სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
მაღლაფერიძე 2017 წლის იანვრიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე საზმაუს გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. მან თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა და ეს მაშინ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა.
სამეურვეო საბჭო შედგება ცხრა წევრისგან, მათგან სამი არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით, სამი – ოპოზიციის, ორი – სახალხო დამცველის და ერთი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით.