თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. 22 აპრილს თბილისში, „მზიურის პარკის“ ამავე სახელწოდების კაფეში დედამიწის დღე აღინიშნება – ყველა დაგეგმილი ღონისძიება ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის სფეროში.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით გაზაფხულზე იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელმაც უნდა უბიძგოს ადამიანებს, უფრო მეტი იზრუნონ გარემოზე. პირველი „ერთჯერადი“ აქცია ამ დღეს 1970 წელს აშშ-ში გაიმართა.
ხვალ კი კაფე „მზიური“ თანამოაზრეებთან ერთად 15:00-დან 19:00 საათამდე ყველა მსურველს განსაკუთრებულ გარემოსდაცვით აქტივობას სთავაზობს.
„წელს აქტივობის თემა პლასტმასის და ქაღალდის შეგროვება/გადამუშავების საკითხი ავირჩიეთ და ყველა მსურველს ვთავაზობთ ერთად შევაგროვოთ პლასტმასა, ქაღალდი და გავიაზროთ მათი გადამუშავების აუცილებლობა. თქვენ შეძლებთ გაეცნოთ სასარგებლო ინფორმაციას, როგორ შევამციროთ პლასტმასა ყოველდღიურად“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მათ, ვინც 30 ბოთლსა და თავსახურს მოიტანს, საჩუქარი ელოდება.
ღონისძიებაზე ასევე მოეწყობა გარემოსდაცვით თემაზე ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
გარდა თბილისისა, დედამიწის დღე ქუთაისშიც აღინიშნება. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი” აქცია-პერფორმანსს აწყობს. ღონისძიება 13:00 საათზე თეთრ ხიდზე გაიმართება.