ახალგორის შესასვლელი სააღდგომოდ გაიხსნა

ახალგორის შესასვლელი 2019 წლის 5 სექტემბრიდან დღემდე ჩაკეტილი იყო.
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ახალგორის რაიონის შესასვლელში არსებული გამშვები პუნქტი გაიხსნა, იუწყება ტელეარხი PalitraNews.
ტელეარხის ინფორმაციით, გამშვები პუნქტი 25 აპრილის ჩათვლით ღია იქნება იმ პირებისთვის, ვინც ფლობს ე.წ. საშვს ან ცხინვალის რეგიონის პასპორტს. ახალგორის შესასვლელი 2019 წლის 5 სექტემბრიდან დღემდე ჩაკეტილი იყო.
„ეს ჰუმანიტარული საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს სხვადასხვა ფორმატის შეხვედრაზე და ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მმართველმა მხოლოდ ახლა მიიღო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დროებით მოხსნის გადაწყვეტილება”, – განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.