რა ელის Airbus-ს რუსეთიდან ტიტანის მიწოდების გარეშე

Sputnik
ნატალია დემბინსკაია
ევროპას რუსეთის თვითმფრინავების გარეშე დატოვება სურს, მაგრამ ეს მას რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. მორიგი სანქციებით შეიძლება ტიტანის - საავიაციო-კოსმოსური დარგისათვის საკვანძო ნედლეულის - იმპორტზე ემბარგო დაწესდეს. ამ შემთხვევაში მოუწევთ წარმოების შემცირება და იმით ფრენა, რაც აქვთ. Boeing-ში განაცხადეს, რომ რუსული ნედლეულის გარეშე გავლენ იოლად. მაგრამ Airbus-ში არ არიან მზად, გაიმეორონ ოკეანის გადაღმა კონკურენტის გაუაზრებელი პოლიტიკური ჟესტი.

სად ეძებონ

რუსეთი აწვდის ტიტანის საჭირო რაოდენობის მესამედს Boeing-ს, 60%-ს — Airbus-ს და თითქმის სრულად აკმაყოფილებს ბრაზილიური Embraer-ის მოთხოვნილებას. მარტის დასაწყისში Boeing-ში შეაჩერეს რუსეთიდან ტიტანის შესყიდვა. გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ აქვთ „მნიშვნელოვანი მარაგი“. თუმცა, როგორც ევროპაში Airbus-ის გაყიდვების დირექტორმა ვოუტერ ვან ვერშმა განაცხადა, კომპანია კვლავ აპირებს წარმოების გაზრდას 2023 წლის შუა პერიოდში.
Airbus-ის გენერალური დირექტორის გიიომ ფორის თქმით, თუ ემბარგო ამოქმედდება, კომპანიას მარაგი დიდხანს არ ეყოფა. ამიტომ თვითმფრინავების ევროპელმა მწარმოებელმა პოლიტიკოსებს სანქციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
Airbus-ის თანამშრომლობა რუსეთთან 1990-იანებიდან დაიწყო. თავდაპირველად მხოლოდ ნედლეულს ყიდულობდნენ. შემდეგ დაემატა მეტალურგიული ნახევარფაბრიკატები. ტიტანი - მეტად მყარი და მსუბუქი ლითონია. თვითმფრინავის უმნიშვნელოვანესი დეტალები, როგორიცაა, მაგალითად, შასი, მზადდება ცეცხლგამძლე ტიტანის შენადნობისგან.

ვერაფრით ჩანაცვლდება

ამერიკულ Boeing-ს სხვა მომწოდებლების იმედი აქვს - აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთსა და ყაზახეთში. იაპონურ Toho-ში განაცხადეს, რომ რუსულ ნედლეულზე უარისა და ტიტანის დეფიციტის ფონზე გაზარდეს წარმოება და შეკვეთებმა 20%-ით მოიმატა.
ევროპელებისთვის ალტერნატიული შესაძლებლობები მეტად შეზღუდულია. რუსულ ტიტანზე ემბარგო თვითმფრინავების მწარმოებლებსაც დააზარალებს და მათ მთავარ მიმწოდებლებსაც, კერძოდ, ესპანურ Aernnova Aerospace-ს, რომელიც SpaceX-თან თანამშრომლობს, ძრავების დამამზადებელ Safran-საც, Airbus-ის პარტნიორს. ევროკავშირის ავიამშენებლები უბრალოდ ვერ შეასრულებენ შეკვეთებს, საწარმოების დატვირთვა შემცირდება და მოუწევთ თანამშრომლების შეკვეცა.

ცარიელი სიტყვები

დამკვირვებლების აზრით, იმავე Boeing-ს, ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, მაინც მოუწევს რუსულ ტიტანთან დაბრუნება. მოსკოვი კი არცერთი სცენარის შემთხვევაში არ დარჩება წაგებული. „ლითონი მშვიდად იდება საწყობში, ის არც ნავთობია და არც გაზი. მასზე დიდი მოთხოვნილებაა სამხედრო მრეწველობაში. სამოქალაქო ავიაციაში კი წარმოება შემცირდება“, - აღნიშნავს დამოუკიდებელი ავიაექსპერტი.
თავდაპირველად Boeing მართლაც შეძლებს საწყობებში შენახული ტიტანით დაკმაყოფილებას. მაგრამ, როგორც კი ვითარება შეიცვლება, ის ნელ-ნელა აღადგენს რუსეთთან თანამშრომლობას.
„ტიტანზე ემბარგომ შეიძლება ჩამოშალოს ევროპული ავიამრეწველობა. სავსებით მოსალოდნელია, რომ საქმე სიტყვებს არ გასცდება, რადგან სხვა შემთხვევაში, ბრიუსელის ჩინოვნიკებს მოუწევთ ავიასაწარმოების გაცეცხლებულ თანამშრომლებთან საქმის დაჭერა, რომლებიც საპროტესტო აქციებზე გამოვლენ“, - ამბობს ექსპერტი.
რუსეთის ტიტანის ინდუსტრია კი ყოველთვის შეძლებს ორიენტირის შეცვლას და სხვა რეგიონებსა და დარგებზე გადართვას, როგორებიცაა გემთმშენებლობა, ატომური ენერგეტიკა, ქიმიური მრეწველობა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე