„ნაციონალური მოძრაობის“ ამბიციური გეგმები და ავტორიტეტული პარტიების რეაქცია

ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი თემა – მიაღწევს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას – პარტიების ლიდერებმა შეაფასეს.
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები, ჩაატაროს მასშტაბური საპროტესტო აქციები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში განხილვის მთავარ თემად იქცა.
გეგმებზე გუშინ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა. მანამდე ხაბეიშვილი ციხეში მყოფ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
„საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება არის უპირველესი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, არჩევნების გზით და მოქალაქეების სურვილის გათვალისწინებით, სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

არჩევნები გრაფიკით

„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები გააკრიტიკა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“.

„მუდმივი მუქარა, რომ დესტაბილიზაციას მოახდენენ ქვეყანაში, რევოლუციურ სცენარს განავითარებენ, ძალისმიერად თუ არაძალისმიერად, რაღაც შეკრებებზე მოლაპარაკებული სტრატეგიით მთავრობას შეცვლიან და აურევენ ქვეყანას, რასაკვირველია, ეს საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს, მათ შორის იმ საზოგადოებაში, რომელიც პოლიტიკურად მათ უჭერს მხარს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკი
„ნაცმოძრაობის“ და ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები ყოველთვის ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას შემოვლითი გზებით და არა ელექტორატის მხარდაჭერით, აღნიშნა, თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.
„საქართველოში ვადამდელი არჩევნები ჩანიშნულია 2024 წელს, კონსტიტუციით ასეა გათვალისწინებული და ჩატარდება 2024 წელს. რამდენიც მიხეილ სააკაშვილს ან მისი გუნდის წევრს მოუნდება და თავში რაღაც მოუვლის, იმდენი არჩევნები ვერ დაინიშნება. ამის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა დავითულიანმა.

რას ფიქრობენ ოპოზიციაში

„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს არ ეთანხმებიან ოპოზიციურ პარტია „ლელოში“. დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის სიტყვებით, აუცილებელია სტრატეგიულად გააზრება იმ რესურსის, რომელიც ოპოზიციაში არსებობს.
„საჭიროა რესტარტი, მაგრამ ეს რესტარტი, არ მგონია, რომ არის ქუჩაში. თუ არის სერიოზული სურვილი, გზა გამოიძებნება, მე მგონია, რომ სერიოზული გააზრებაა საჭირო საკითხების, ვერ მივესალმები ზედაპირულ საუბარს“, – აღნიშნა მან.
უფრო რადიკალურადაა განწყობილი პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომელიც სააკაშვილის გადასარჩენად აქციის დღესვე გამართვის წინადადებით გამოვიდა.
თაკო ჩარკვიანი საპროტესტო აქციაზე

„თუ 500 ათასკაციან პარტიას შეუძლია წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვით, რომ პარტია არ ხართ. ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, გადავკეტოთ რუსთაველი და აღარ გამოვიდეთ რუსთაველიდან“, – მოუწოდა ჩარკვიანმა.

ჩარკვიანის პოზიციას ირონიულად დაეთანხმა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია.
„ქალბატონი თაკო მართალია: „ნაცმოძრაობა“ უნდა დაიშალოს და მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ“, – დაწერა ხვიჩიამ სოციალურ ქსელში.
მოსალოდნელი იყო, რომ უფრო კონკრეტულად იმაზე, თუ როგორ დაინიშნებოდა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სააკაშვილი 20 აპრილს სასამართლო პროცესზე ისაუბრებდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა – ყოფილი პრეზიდენტი მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა.
„ახლა ნურავინ ელის საიდუმლო გეგმებს და რაღაც საიდუმლო კონსპირაციას, ყველაფერი დევს ზედაპირზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.