აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური სხდომა 2024 წელს საქართველოში გაიმართება

შეხვედრა თბილისში ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო.
Sputnik
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
შეხვედრა აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა გიორგი კაკაურიძემ და ეკატერინე გუნცაძემ.

„მხარეთა შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას ყურადღება დაეთმო 2024 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას. როგორც ცნობილია, აღნიშნული შეხვედრა 2021 წელს თბილისში უნდა გამართულიყო, მაგრამ გლობალური პანდემიის გამო თარიღმა 2024 წლის მაისში გადაიწია“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აზიის განვითარების ბანკის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორის როლს საქართველოს განვითარების პროცესში, რომელიც მოიცავს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსებას.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ეკონომიკაში დღეს არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ, პანდემიის მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნება, მათ შორის ADB-ს მიერ მხარდაჭერილ სექტორებში და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.
აღინიშნა 2020-2021 წლებში ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა COVID-19-ზე საგანგებო რეაგირების მიმართულებით, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა ADB-სგან მიღებული ფინანსური რესურსი მიემართა ვაქცინების შესყიდვისა და გლობალური პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3,9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ADB-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ და სტაბილურ განვითარებას. ამავდროულად ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა, აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაში.