თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტში ბაბუა და შვილიშვილი ხევში გადავარდნენ, რის შედეგადაც სამი წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა სოფელ ბეღლეთში დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაბუა და შვილიშვილი სოფლის გზაზე მინიტრაქტორით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც იგი ამოყირავდა და ხევში გადავარდა.
დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და იგი ამ დროისთვის იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
რაც შეეხება მამაკაცს, მისი მდგომარეობა მსუბუქია და იგი ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში გადის მკურნალობის კურსს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 271-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.