თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში უნებართვო აზარტული თამაშების ორგანიზების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მეწარმე სათამაშო აპარატით უნებართვოდ თამაშების ორგანიზებას ახორციელებდა.
„ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალურ ნებართვას დაქვემდებარებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების უნებართვო მიწოდების ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ერთ-ერთი მეწარმე სუბიექტი ელექტრონულ-მექანიკური სათამაშო აპარატით უნებართვოდ აზარტული თამაშის ორგანიზებას ახორციელებდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა ამოიღეს ელექტრონულ-მექანიკური სათამაშო აპარატი, ხოლო საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორის შემოსავალი უსწრებს ბანკების შემოსავალსაც კი. გასული წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ათამდე ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.
წყარო - შემოსავლების სამსახური