მაღალმთიან რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გააქტიურდება

სამი წლის განმავლობაში საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროექტებისთვის 968,5 მილიონი ლარი გამოიყოფა.
Sputnik
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
საუბარია 15 მილიონ ლარზე – გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან.

„დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარდა მთიანი დასახლებების საბჭოს სხდომა, რომელზეც მოვისმინეთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე წარმოდგენილი იქნა 2022 წლის გეგმა, რომლის მიხედვითაც 20 მლნ ლარი არის გამოყოფილი შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო პროექტებისთვის“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქარსელაძემ.

მთიანი დასახლებების საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი გეგმის თანახმად, სამი წლის განმავლობაში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროექტების განსახორციელებლად 968 მლნ ლარი გამოიყოფა.
დღეისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1.801 დასახლებას აქვს მინიჭებული, რაც ყველა დასახლების 49%-ს შეადგენს. მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით სარგებლობს დაახლოებით 262 ათასი ადამიანი, ასევე 497 საწარმო.
მაღალმთიანად მიიჩნევა დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1,5 ათას მეტრ სიმაღლეზე და უფრო ზემოთ მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევებში, რელიეფის, ბუნებრივი და დემოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს.
ბოლო 6 წლის განმავლობაში მთიანი დასახლებების მხარდასაჭერად დაახლოებით 1,16 მილიარდი ლარი გამოიყო. აქედან დაახლოებით 402,7 მილიონი ლარი დაიხარჯა კანონით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებებზე და მოხმარებული ენერგიის 50%-ის თანადაფინანსებაზე.
ამ შემთხვევაში სოციალურ დახმარებაში იგულისხმება დანამატები პენსიებზე, სოციალურ შემწეობებზე, ექიმების, ექთნების, მასწავლებლების, მწვრთნელების ხელფასებზე და სხვ.
2021 წელს სოციალურ დახმარებაზე დაახლოებით 96,5 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 19%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით.
მაღალმთიანი მოსახლეობის განვითარების ფონდი 2015 წელს შეიქმნა, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ". კანონი ითვალისწინებს რიგ სოციალურ შეღავათებს ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლებისთვის. ფონდის გარდა მაშინ შეიქმნა მთის განვითარების ეროვნული საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს.