თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველო მზად არის გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან გამართულ შეხვედრაზე.
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად სამშაბათს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გაფაროვა უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. ამის შემდეგ შედგა პრემიერის შეხვედრა გაფაროვასთან.
„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და რეგიონის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე“, – იუწყება მთავრობის პრეს-სამსახურის ადმინისტრაცია.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, მისასალმებელია ორი ქვეყნის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების განახლება. აღსანიშნავია, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი სხდომა ბაქოში სწორედ ღარიბაშვილის ვიზიტის დროს შედგა.
„პრემიერის შეფასებით, სხდომების განახლება რეგიონული პროექტებისა და ფორმატების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საკვანძო ფაქტორია, რაც, თავის მხრივ, რეგიონის მიმზიდველობას გაზრდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განსაკუთრებულად აღინიშნა სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობა, როგორებიცაა: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ტრანს-ანატოლიის მილსადენი (TANAP) და ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP).
შეხვედრისას ითქვა, რომ აუცილებელია არსებული პროექტების შემდგომი განვითარება, რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დასავლეთთან კავშირის უზრუნველყოფის მიზნით.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო კავშირებზე.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ საჰიბა გაფაროვამ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების მეტად გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილმა საჰიბა გაფაროვა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რაზეც მან მზადყოფნა გამოთქვა.
„მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენი რეგიონის რეალური განვითარებისა და კულტურული, ეკონომიკური, თუ სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის საჭიროა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარება“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
წელს საქართველო და აზერბაიჯანი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავენ. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დონის უფრო მაღალ ნიშნულზე აყვანის მნიშვნელობას, რასაც უთუოდ ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანში უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ხშირად განხორციელება.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ნოემბერში დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულშია. საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის 2022 წლის იანვარი–თებერვალში 49%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 248,8 მლნ დოლარი შეადგინა. ექსპორტი საქართველოდან აზერბაიჯანში 39,1%-ით გაიზარდა.