ქართველი სამხედროები „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობენ

საქართველო „ძლიერთა თამაშებში“ ოცკაციანი სამხედრო ჯგუფით იღებს მონაწილეობას. შეჯიბრებები ნიდერლანდში 22 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ნიდერლანდის ქალაქ ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა მორიგი წარმატება მოიპოვა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
Invictus Games – საერთაშორისო მულტიდისციპლინური შეჯიბრებებია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილი და მოქმედი სამხედრო შშმ პირებისთვის. ასპარეზობები ბრიტანეთის პრინც ჰარის ინიციატივით 2014 წლიდან იმართება.
თავდაცვის უწყების ცნობით, ქართული გუნდის ჯილდოებს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები შეემატა. მჯდომარე ფრენბურთში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ალექსი ბერუაშვილმა კი გუნდს კიდევ ერთი ჯილდო მოუტანა და, ორი ოქროს შემდეგ, 100 მეტრიან დისტანციაზე მორბენალთა შეჯიბრში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე 100 მეტრიან ეტლით რბოლაში ბრინჯაოს მედალი მიიღო ახმედ საფაროვმა. Land Rover Challenge-ში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ასევე მურთაზ ოსეფაიშვილმა და ონისე ჯუღელმა.
„ძლიერთა თამაშები“ შეიძლება საქართველოში ჩატარდეს
ქართველი სამხედროების 20-კაციანი ჯგუფი, მინისტრ ჯუანშენ ბურჭულაძესთან ერთად, ჰააგაში იმყოფება, სადაც 16-22 აპრილის პერიოდში „ძლიერთა თამაშების“ ტურნირი იმართება. ჰააგაში მსოფლიოს 20 ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.
დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ასპარეზობენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდროვერის შეჯიბრი.
ქართველმა სამხედროებმა აქამდე შეჯიბრებებში ოთხჯერ მიიღეს მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწიეს. 2014 წელს ლონდონში ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ შეყელაშვილმა მშვილდოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2016 წელს აშშ-ის ქალაქ ორლანდოში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (სირბილი) უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო ვერცხლის მედალი, ხოლო მჯდომარე ფრენბურთის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. 2017 და 2018 წლებში, შესაბამისად, კანადასა და ავსტრალიაში მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა ოქროს მედლები მიიღო.