თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. სახლის ინტერიერის შერჩევისას აუცილებელია, რომ ზოგ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, მაგალითად, ფერსა და ავეჯის ფორმას, აცხადებს კოგნიტიური ნეირობიოლოგი კრისტიან ჯარეტი.
იმის შესახებ, თუ რა დეტალი, როგორი დიზაინი შეეფერება ყველაზე უკეთ საცხოვრებელს, რათა ადამიანმა მყუდროდ, კომფორტულად და ჯანმრთელად იგრძნოს თავი, მეცნიერებმა კვლევები ჩაატარეს და საინტერესო დასკვნებიც გააკეთეს.
როგორც კრისტიან ჯარეტი აღნიშნავს, სახლის კედლების ფერს შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე.
მაგალითად, არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ ლურჯს სტრესის მოხსნა შეუძლია. ადამიანები ამ ფერს ხშირად აიგივებენ რელაქსაციასა და სიმშვიდესთან. ამიტომ კარგი იქნება, თუ საძინებლის კედლები ლურჯად გაფორმდება.
იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საქმიანობით, კვლევებით ხართ დაკავებული, მაშინ კედლებისთვის მოწითალო ფერის შერჩევა ჯობს.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ეს ფერი ყურადღებასა და კონცენტრაციას უწყობს ხელს. თუმცა იქვე აზუსტებენ, რომ მოწითალო კედლებიან ოთახში ერთი ნაწილი მაინც უნდა იყოს ლურჯი, ვინაიდან, როგორც კვლევებით დადასტურდა, ლურჯი კრეატიულობასაც მატებს ადამიანს.
რაც შეეხება ავეჯს, ნეირობიოლოგ ჯარეტის თქმით, კარგი იქნება, თუ სწორ ხაზებსა და მკვეთრ კუთხეებს მოერიდებით და არჩევანს მრუდ ფორმებზე შეაჩერებთ. მეცნიერების დასკვნით, ადამიანი მომრგვალებულ, ამობურცულ ან ჩაზნექილ ხაზებს უფრო ლამაზად და ამასთან სასიამოვნოდ აღიქვამს. ასეთი ფორმები ტვინის იმ ნაწილებს ააქტიურებს, რომლებიც სიამოვნებას უკავშირდება.
ამიტომ, თუ შესაძლებლობა გაქვთ, სწავლულთა ეს რეკომენდაცია მხოლოდ ავეჯის შეძენისას კი არა, ბინის რემონტის ან სახლის აშენებისასაც უნდა გაითვალისწინოთ.
თუ გსურთ, რომ საცხოვრებელი იმაზე ფართო და ვრცელი გამოჩნდეს, ვიდრე არის, ამ ამოცანას დიდი ფანჯრების მეშვეობით გადაჭრით. ეს, სივრცის შეგრძნების გარდა, ოთახს ფორმასაც შეუცვლის.
ნეირობიოლოგის თქმით, ჯანმრთელობისთვის კარგი იქნება, თუ ფანჯრებიდან რაიმე მწვანე ხედი გამოჩნდება. ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, მაშინ თავად შექმენით ასეთი ხედი ოთახის მცენარეებით.
როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, სიწვანეს დიდი ფსიქოლოგიური სარგებელი აქვს – ის დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე და სტრესებისგან გათავისუფლებაში ეხმარება მას.
წყარო: Science Focus