მარია მარიკიანი
მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას განაგრძობენ. ბევრი სახლ-კარის გარეშე დარჩა. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ აზოვის ზღვის სანაპიროზე კარვების ბანაკი გახსნა. „რია ნოვოსტის“ მასალა დევნილების დახმარების შესახებ.
„ამას არავინ ელოდა“
პირადი ავტომობილების კოლონა ერთ კილომეტრზეა გადაჭიმული. თითოეულმა ევაკუირებულმა უნდა გაიაროს ე.წ. ფილტრაცია: ყველას საგულდაგულოდ ამოწმებენ. როდესაც ფორმალური მხარე მოგვარდება, ზოგი რუსეთის რეგიონებში იგზავნება, ზოგი – ნათესავებთან დონეცკსა და სხვა ქალაქებში.
„ვიდრე ქმრები რიგში დგანან, ქალებსა და ბავშვებს შეუძლიათ ბანაკში დაბინავება. ჩვენი ამოცანაა ადამიანების მიღება, საწოლით უზრუნველყოფა, დაპურება, – განმარტავს დონეცკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მე-12 სახანძრო-სამაშველო ნაწილის უფროსი სერგეი შტარკი. – ადამიანებს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენენ. ბანაკი 450 ადამიანს იტევს. როგორც წესი, ნაკადი დაღამებისას იმატებს“.
კარვებში შეიძლება ტელეფონების დატენვა, ნათესავებთან დაკავშირება, არის ინტერნეტი. მაგრამ ახლობლები, რომლებიც მზად არიან რთულ პერიოდში შეიფარონ ადამიანები, ყველას არ ჰყავს. ნატალია ბავშვით უკვე თითქმის ერთი თვეა აქ არის. დასაბრუნებელი არ აქვს – მრავალსართულიანი სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ, მთლიანად დანგრეულია.
„ეს 1 მარტის ღამით მოხდა. დაძინებას ვაპირებდით. უცებ – ფრენა. მაშინვე სარდაფში ჩავედით. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა საშინელება იყო“, – ამბობს ნატალია.
ნატალიას მარიუპოლში ნათესავები ჰყავს. არ იცის, რა ბედი ეწიათ. ვერ უკავშირდება. ელოდება, როდის დართავენ დაბრუნების ნებას. ჯერ კი კარავში სძინავს. თითოში 15 კაცამდე ეტევა, თბებიან ღუმელით, მაგრამ ქარის გამო მაინც ცივა.
პენსიონერმა ნატალია ფიოდოროვნამ 1 მარტს კონტუზია მიიღო – სახლის გვერდით ჭურვი აფეთქდა. ის კერძო სექტორში ცხოვრობდა, დარჩენა ძალიან სახიფათო იყო.
„ამ „აზოველებთან“ ერთად გვერდიგვერდ ვცხოვრობდით, დამცველებად მიგვაჩნდა. ამას არავინ ელოდა. 25 მარტს გამოგვიყვანეს“, – ამბობს იგი.
„ყველა ნათესავი იქ დარჩა“
ოქსანა მეუღლესთან ერთად მარიუპოლის ზღვისპირა რაიონიდანაა. მათი სახლი დაბომბვისას დაზარალდა. ამიტომ განაპირა რაიონში ნათესავებთან გადავიდნენ. მაგრამ იქაც შეუტიეს.
„ჯოჯოხეთს დავაღწიეთ თავი“, – ტირის ოქსანა.
გარისკეს და ის და თავისი ქმარი 20 მარტს სარდაფიდან გამოვიდნენ, სახლიდან სახლამდე სირბილით გადადიოდნენ, შეხვდნენ დონეცკის მებრძოლებს. ფილტრაციის შემდეგ კარვების ბანაკში მოხვდნენ. „აქ ველოდებით, საჭიროა ქალაქში დაბრუნება – ყველა ნათესავი იქ დარჩა“.
ტატიანა ვაჟთან და მეუღლესთან ერთად კურსკის ოლქში აპირებს ნათესავებთან წასვლას. „ჩვენი ქალაქი ძალიან გვიყვარს, მაგრამ მომავლის აშენება ფერფლზე შეუძლებელია. შვილი მეცხრე კლასშია, ნეტავ სკოლას დაამთავრებდეს“, – ამბობს ქალი.
სარდაფში თვეზე მეტი გაატარეს, მთელი ამ დროის განმავლობაში ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ ორჯერ მიიღეს მოხალისეებისგან.
„მზად ვართ მოვითმინოთ“
კარვების ბანაკში კიდევ ერთი რიგია – სადილზე. წიწიბურა, პურის ნაჭერი, ჩაი. ბოლო დღეებში აქ ხალხი მოჰყავთ სოფელ მირნიდან – მარიუპოლის შემოგარენიდან, მეტალურგიულ ქარხანასთანაა.
გრიგორი სიტნიკოვი ადრე ილიჩის ქარხანაში მუშაობდა. მას 66 წელი შეუსრულდა. გაცვეთილი შარვალი, ძველი ჯემპრი და გამოსასვლელი შავი ტყავის ქურთუკი – ეს ყველაფერია, რაც მას დარჩა. დანგრეულ სახლსა და გადატანილ აფეთქებებზე თანაბარი ტონით საუბრობს. როდესაც ძაღლს იხსენებს, ხმა უკანკალებს. „სანამ სარდაფში ჩავდიოდი, ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა, მიცავდა“.
კარვების ბანაკი მხოლოდ შესასვენებელი პუნქტია. მათ, ვისაც წასასვლელი არსად აქვს, შეუძლიათ მიმართონ დროებითი განთავსების პუნქტს. ასეთი 9,5 ათასზე მეტია. თავდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის მონაცემებით, სპეცოპერაციის განმავლობაში რუსეთში უკრაინიდან 830 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე