მაღალმთიანეთის დახმარება: სამ წელიწადში თითქმის 1 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1.801 დასახლებას, რაც საქართველოს ყველა დასახლების დაახლოებით 49%-ია.
Sputnik
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერის მიზნით სამი წლის განმავლობაში 968,5 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია 968,5 მლნ ლარის ღირებულების პროექტები მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერის მიზნით, რაც 29%-ით აღემატება წინა პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით სარგებლობს დაახლოებით 262 ათასი ადამიანი, ასევე 497 საწარმო.
ბოლო 6 წლის განმავლობაში მაღალმთიანი დასახლებების მხარდასაჭერად მიიმართა დაახლოებით 1,16 მლრდ ლარი. აქედან დაახლოებით 402,7 მლნ ლარი დაიხარჯა კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებზე, რომელიც ითვალისწინებს დანამატებს პენსიაზე, სოციალურ შემწეობებზე, ექიმების, ექთნების, მასწავლებლების ხელფასებზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებზე და სხვ., ასევე მოხმარებული ენერგიის თანადაფინანსებას 50%-ის ოდენობით.
უწყების ცნობით, 2022 წელს 20 მლნ ლარია გამოყოფილი შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო პროექტებისთვის, ხოლო დაახლოებით 5 მლნ ლარი გამოიყოფა მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის, როგორიც არის აგროდაზღვევის პროექტი, „დანერგე მომავალი“ და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამა.
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები 2016 წლიდან არის დაწესებული.