იტალიური კომპანია საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი ენერგოხიდის პროექტს შეისწავლის

ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
Sputnik
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. შავი ზღვის ფსკერზე საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გადამცემი ხაზისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანასთან დაკავშირებით კვლევებს ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია Centro Elettrotecnico Sperimentale Italiano ჩაატარებს.
კვლევები კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩატარდება.
მსოფლიო ბანკის მიერ შერჩეული გამარჯვებული კომპანია ჩაატარებს კვლევას პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებით, მოამზადებს ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ანალიზს და პროექტის განხორციელებისა და შესყიდვების გეგმას. კვლევების ღირებულება დაახლოებით 2,5 მლნ ევროა.
კვლევების თანახმად, დადებითი დასკვნის შემთხვევაში საქართველოსა და რუმინეთს 1,2 ათასი კილომეტრის სიგრძის კაბელი დააკავშირებს.
შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი საქართველოს ევროკავშირის ენერგობაზართან დააკავშირებს, რაც საქართველოს ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს.
ექსპერტების ვარაუდით, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომაც ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.