თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. აბაშის მუნიციპალიტეტში 42 წლის მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ბენზინგასამართი სადგური „სოკარის“ თანამშრომელია, გუშინ სამსახურიდან წასვლის შემდეგ აღარავის უნახავს.
„დილით სამსახურში წავიდა, სამსახურიდან ბრუნდებოდა და აბაშის ცენტრში ჩამოსულა. ბოლოს დედამისს საღამოს 9 საათისთვის ესაუბრა ტელეფონზე. ამის შემდეგ მასთან კონტაქტი გაწყდა“, – განაცხადა დაკარგული მამაკაცის ახლობელმა.
მამაკაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოჯახს არანაირი ვერსია არ აქვს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.