„ძლიერთა თამაშები“ შეიძლება საქართველოში ჩატარდეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულთა გუნდმა სპორტულ ასპარეზობებში ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგთან, პრინც ჰარისთან „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) საქართველოს ტერიტორიაზე გამართვის შესაძლებლობა განიხილა, ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი სამხედროების 20-კაციანი ჯგუფი, მინისტრ ბურჭულაძესთან ერთად, ჰააგაში იმყოფება, სადაც 16-22 აპრილის პერიოდში „ძლიერთა თამაშების“ ტურნირი იმართება. ჰააგაში მსოფლიოს 20 ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.

Invictus Games-ი, რომლის მონაწილეებიც საბრძოლო მოქმედებებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები არიან, გაერთიანებულ სამეფოს პრინც ჰარის ორგანიზებით 2014 წლიდან იმართება.
„ჰერცოგი ჰარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდის წევრებს გაესაუბრა და მათი აზრი მოისმინა, თუ რა გავლენას ახდენს „ძლიერთა თამაშები“ დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის პროცესსა და მათ მოტივაციაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
პრინცი ჰარი და ჯუანშერ ბურჭულაძე
უწყების ცნობით, ქართველმა სამხედროებმა რამდენიმე მედალი უკვე მოიპოვეს. ალექსი ბერუაშვილმა 1.500 მ-ზე სირბილში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, Land Rover Challenge-ში კი მურთაზ ოსეფაიშვილი და ონისე ჯუღელი მესამე ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები მიიღეს.
სამხედრო მოსამსახურეებმა მომზადება გაიარეს მარო მაყაშვილის სახელობის წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრსა და თბილისის პარაგანვითარების ცენტრში.
თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულთა გუნდმა სპორტულ ასპარეზობებში ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწია. 2014 წელს ლონდონში ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ შეყელაშვილმა მშვილდოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2016 წელს ქალაქ ორლანდოში (აშშ) ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (სირბილი) უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, მჯდომარე ფრენბურთის გუნდი კი მესამე ადგილზე გავიდა. 2017 და 2018 წლებში, შესაბამისად, კანადასა და ავსტრალიაში გამართულ ტურნირებზე მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა ოქროს მედლები მიიღო.