მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნასახლარები ნეოლითის ეპოქით თარიღდება, თუმცა შემდგომ აქაურობა გავერანდა და მხოლოდ ახალი წელთაღიცხვის V საუკუნის მეორე ნახევარშიღა შთაბერა ქალაქს ხელახალი სიცოცხლე ვახტანგ გორგასალმა.
ტფილისში პირველი დასახლებები დღევანდელი აბანოთუბნის ტერიტორიაზე გაჩნდა. დროთა განმავლობაში ქალაქი ხან ფართოვდებოდა, ხანაც მცირდებოდა, მაგრამ, ავად თუ კარგად, დღემდე მოაღწია.
ამჟამად თბილისი ოცზე მეტ დიდსა თუ მცირე უბანს მოიცავს. საუკუნეების წინ ზოგი მათგანის ადგილზე სოფლები იყო, რომლებიც შემდგომ ქალაქს შეუერთდა. რამდენიმე უბანს ძველი სახელწოდება დღემდე შემორჩა, ზოგსაც კი რამდენჯერმე შეეცვალა.
მათი ისტორია ასეთია:
ვერა
ვერე წინათ სოფელი იყო. ადრეულ საუკუნეებში მას სკვირეთი ერქვა. ისტორიულ წყაროებში ვერესხევი XIII საუკუნიდან მოიხსენიება.
თეიმურაზ ბატონიშვილის განმარტებით, ვერე „ვერ ნახავს“ ნიშნავს, ანუ ისეთ ადგილს, რომლის მსგავსის ნახვაც გაგიძნელდებაო.
ხარფუხი
თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანს XVII საუკუნიდან სეიდაბადი ერქვა. ირანის ხელმწიფეს იქ შაჰ-სეფის მაჰმადიანთა ტომის სეიდები ჩაუსახლებია და უბანსაც სეიდაბადი დაერქვა.
ხარფუხი კი სომხური სახელია, სურდოს, გაციებას ნიშნავს და თაბორის მთის ძირში მდგარი საკულტო დანიშნულების ქვის გამო შერქმევია იქაურობას. იმ ქვაზე ხატი ყოფილა დასვენებული და თბილისელ ქრისტიანებს სურდოშეყრილი და ყივანახველიანი ბავშვები მიჰყავდათ თურმე მასთან განკურნებისთვის. თან მიჰქონდათ ქსოვილისგან შეკერილი თოჯინა, რომელსაც მხარზე პატარა ხურჯინი ჰქონდა გადაკიდებული. ხურჯინში შაქრის ნატეხები ეწყო. ამ გასამრჯელოთი ცდილობდნენ წმინდა ხატის გულის მოგებას.
ნავთლუღი
ასე ერქვა ადრე სამგორს. ეს სახელი ორი სიტყვის — ნავთისა და თურქული ლუღის („ადგილი“) ნაერთია და ქართულად ნავთის, ნავთიან ადგილს, სანავთეს ნიშნავს.
ისანი და ავლაბარი
ადრე ისანს სოღდებელი ერქვა. IX საუკუნეში არაბებმა ეს ადგილი ქვითკირის გალავნითა და თხრილით გაამაგრეს და, სიმტკიცის გამო, არაბულად ჰისნი (ისანი), ანუ ციხე-სიმაგრე უწოდეს.
დროთა განმავლობაში ეს უბანი განადგურდა, გაუკაცრიელდა და მეთვრამეტე საუკუნეში თბილისის ყოფილი ცენტრალური უბანი სოფელ ავლაბრად იწოდა. „ავლაბარი“ სომხურია და ქვემოდან მაღლა ასვლას ნიშნავს.
დამპალო
დამპალოს დასახლება სამგორის რაიონს ემიჯნება. სახელწოდება უკავშირდება ადრე იქ არსებული პირუტყვის სასაკლაოების გამო გამეფებულ ანტისანიტარიას. აქედან მოდის ამ ადგილის სხვა სახელწოდებებიც: ბოინისხევი, სასაკლაოსხევი.
ხოჯევანქი
ადრე ავლაბარში არსებობდა ამ სახელწოდების სომხური ეკლესია და ამავე სახელობის იყო იქვე არსებული ძველი სომხური სასაფლაოც. ეს სახელი ამ ტერიტორიას XVII საუკუნის დასაწყისიდან ეწოდება.
ქართლის მმართველმა როსტომ ხანმა 1654 წელს ზარაბთუხუცეს ხოჯა ბეჰბუდას უწყალობა მიწა სასაფლაოს გვერდით. ხოჯა ბეჰბუდა იყო სახელგანთქმული ბებუთაშვილების საგვარეულოს დამაარსებელი, თავისი დროის გამოჩენილი და მდიდარი ვაჭარი, რომელმაც მდინარე ვერეზე ხიდი თავისი სახსრებით ააშენა. მახათას მთის ძირას, მეფის დასტურით, ხოჯა ბეჰბუდამ ღვთისმშობლის სახელზე ეკლესია ააგო და ბაღიც გააშენა, რომელსაც თბილისელებმა „ხოჯავანქი“ შეარქვეს.
კუკია
კუკიას წინათ ახალსოფელი ერქვა, რომელიც XVII–XVIII საუკუნეთა მიჯნაზე აშენდა. ადრე პატარა თოჯინებს კუკებს ეძახდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, სახელი კუკია სწორედ აქედან წარმოდგა.
ზემელი
ძველი თბილისელები რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დღემდე ზემელს უწოდებენ. ეს სახელი უბანს სახელგანთქმული ევგენი ზემელის აფთიაქის გამო დაერქვა. მართალია სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით XX საუკუნის 30-იან წლებში აფთიაქი აიღეს, მაგრამ ზემელის სახელი უბანს დღემდე შემორჩა.
ნაძალადევი
1872 წლიდან, რაც თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზა გაიხსნა, დიდუბის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო. რკინიგზის აღმოსავლეთით მუშახელი საცხოვრებლად უნებართვოდ, ანუ ძალადობით იკავებდა მიწებს და სახლდებოდა. სახელწოდებაც ახალმა უბანმა აქედან მიიღო.
ვეძისი
ვერეს სიახლოვეს სოფელი ვეძისი ყოფილა, რაც „მლაშე წყალს“ ნიშნავს. სწორედ ასეთი გემო ჰქონია ამ ადგილებში წყალს და სახელიც ამიტომ შეერქვა.
ფონიჭალა
ფონიჭალას ადრე ყურყუთა ერქვა, მაგრამ სპარსულ-ოსმალური ბატონობის პერიოდში სოღანლუღი ეწოდა. „სოღანლუღი“ თურქულიდან ითარგმნება როგორც ხახვის ადგილი, სახახვეთი. ამ ადგილებში ქორფა ხახვი მოჰყავდათ და სახელიც ასეთი შერჩა.
ნარიყალა
იგივე „შურის ციხე“ მეხუთე საუკუნეში. მოგვიანებით უცხოელმა დამპყრობლებმა სახელი შეუცვალეს ამ მიუვალ ციხე-სიმაგრეს. „ნარიყალა“ სპარსული სიტყვაცაა და და მონღოლურიც. სპარსულიდან ითარგმნება როგორც ციტადელი, შიდა ციხე, მონღოლურად კი „ნარინ ქალა“ მცირე ციხე-სიმაგრეს ნიშნავს.
ავჭალა
ავჭალა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სოფელი იყო. დიდი თურქობის დროს დამპყრობლები ზამთრობით ავჭალასა და დიღომში იდგნენ. გარდა ამისა, ლეკი მოთარეშეებიც ხშირად სარგებლობდნენ ავჭალასთან მტკვარზე კარგი ფონით.
გამომდინარე იქიდან, რომ საუკუნეთა განმავლობაში ეს ადგილი მტრის სათარეშოდ იყო ქცეული, მას ავი ჭალა, ანუ ავჭალა ეწოდა.
ჩუღურეთი
ჩუღურეთი ადრე სოფელი ყოფილა. სიტყვა თურქული წარმოშობისაა. „ჩოკურ“ ითარგმნება როგორც ორმო, ხრამი.
დიდუბე
დიდუბე, ანუ დიდი უბე, ანუ ჩაღრმავებული ადგილი. ადრე მას „ცხენის ტერფი“ ერქვა. იქაურობა ერთხანს საცხენოსნო შეჯიბრებების ასპარეზიც ყოფილა და ომის დროს ლაშქრის თავმოსაყრელი ადგილიც. სავარაუდოდ ტოპონიმი „ცხენის ტერფი“ ამასთან უნდა იყოს კავშირში.
ვარკეთილი
სახელწოდება მომდინარეობს ამ ტერიტორიის ძველი ტოპონიმიდან „ველკეთილი“. 100 წლის წინ ამ ტერიტორიაზე ხეხილის მსხმოიარე კერძო ბაღები ყოფილა, რომლებიც საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა...