COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციის ტემპებით უკმაყოფილოა

ვაქცინების ფართო არჩევანის მიუხედავად ვაქცინაციის მაჩვენებელი კვლავ არადამაკმაყოფილებელია, აღნიშნა მინისტრმა.
Sputnik
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაბალ დონეზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი გააქტიურდება.
ბოლო ერთ დღეში აცრილია მხოლოდ 26 ადამიანი.

„სამწუხაროდ, ყოველდღიური აცრის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს პროცესი გავააქტიუროთ“, – განაცხადა აზარაშვილმა და დაამატა, რომ ვაქცინების ფართო არჩევანის მიუხედავად ვაქცინაციის მაჩვენებელი კვლავ არადამაკმაყოფილებელია.

აზარაშვილის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ახალ საკომუნიკაციო კამპანიაზე, რომელიც მომავალი თვიდან ამოქმედდება.
„როგორც ვნახეთ, ვაქცინა ნამდვილად იცავს ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შემთხვევებისგან“, – აღნიშნა მინისტრმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარდა 2.872.820 აცრა, აქედან სრული (ორჯერადი) დოზა ჩაიტარა 1.261.067-მა ადამიანმა, ბუსტერ-დოზა – 244.431-მა.