ოპოზიციის ინიციატივას გამარჯვების დღის გადატანის შესახებ დაჩქარებული წესით არ განიხილავენ

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში, არამედ რუმინეთშიც – ნატოს წევრ ქვეყანაში, და ისრაელშიც, ჰოლოკოსტისგან დაზარალებულ ქვეყანაში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
Sputnik
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. პარლამენტის ბიურომ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივას, დაჩქარებული წესით განეხილათ კანონპროექტი ფაშიზმზე გამარჯვების დღის 8 მაისს აღნიშვნის შესახებ, ნაცვლად 9 მაისისა.
პარლამენტის რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა წამოაყენა ინიციატივა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოში 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს აღინიშნოს. ოპოზიციონერები 8 მაისის ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადების წინადადებითაც გამოდიან.
პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში, არამედ რუმინეთშიც – ნატოს წევრ ქვეყანაში, და ისრაელშიც, რომელიც ჰოლოკოსტისგან დაზარალდა.
საერთაშორისო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემაც აღნიშნა, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე კვლავ 9 მაისს უნდა აღინიშნოს.

„როდესაც ხელი მოეწერა გერმანიის კაპიტულაციის აქტს, ეს იყო 8 მაისი, 23:00 საათი. ბერლინში იყო საღამოს 11 საათი, რაც ნიშნავს, რომ თბილისში იყო დილის ორი საათი. ამიტომ თბილისში იყო 9 მაისი, ბერლინში კი 8 მაისი. ასე რომ, ეს იყო 9 მაისს თბილისში, 8 მაისს – ბერლინში. მისაღებია“, – განაცხადა სამხარაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე ომის ვეტერანებისთვის არის 9 მაისი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებელია იმ ადამიანების მოსაზრების გათვალისწინება, რომლებმაც ეს დღე მოიტანეს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის გიორგი ვაშაძის სიტყვებით, საქართველომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე უნდა აღნიშნოს ევროპასთან და არა რუსეთთან ერთად.