თბილისი, 17 აპრილი– Sputnik. ვაზიანის სასროლეთზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა ორკვირიანი საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
წვრთნების მიზანს ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და სხვადასხვა საბრძოლო ელემენტის კოორდინაცია და შერწყმა წარმოადგენდა. საველე წვრთნებში 51-ე ბატალიონს დაქვემდებარებული ქვედანაყოფები და ჰაერსაწინააღმდეგო ჯგუფები მონაწილეობდნენ.
„51-ე საარტილერიო ბატალიონმა ორი კვირის განმავლობაში ვაზიანის პოლიგონზე ჩაატარა ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე სწავლება თავისი საბრძოლო სროლებით. სწავლება მოიცავდა ბატარეის დონის შეფასებას. სწავლება მიმდინარეობდა როგორც დღისით, ისე ღამის პირობებში“, - განაცხადა მეხუთე საარტილერიო ბრიგადის პოლკოვნიკმა გიორგი ჩიხლაძემ.
უწყების ინფორმაციით, ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა საველე პირობებში პრაქტიკულ მეცადინეობას დაეთმო, სადაც ბრძოლის წარმოებისას ბატარეაში შემავალი ელემენტების კოორდინირებული მოქმედება დაიხვეწა. მეორე ფაზა ბატარეის ტაქტიკურ მოქმედებაზე 48 საათიან დაკვირვებას მოიცავდა, ხოლო მესამე ფაზა საცეცხლე პოზიციების დაკავებითა და საბრძოლო სროლებით დასრულდა.
სწავლების დასკვნით ნაწილს სპეციალურად შერჩეული დამკვირვებელთა კომისია აფასებდა.