თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. „ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი-2022“ პირველი ტურის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონს ესტუმრება.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ყველა ფოლკლორული ანსამბლის, ინდივიდუალური შემსრულებლის თუ საოჯახო ანსამბლის მოსმენა და აღწერა.
ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ:
ავთენტიკურ ჯგუფებსა და სასოფლო ანსამბლებს
ხალხური სიმღერის მუნიციპალურ და თვითმოქმედ ანსამბლებს
ტრადიციულ ხალხურ საკრავთა ანსამბლებს
საოჯახო ანსამბლებს (მუსიკა, ქორეოგრაფია)
ქორეოგრაფიულ ანსამბლებს
ინდივიდუალურ შესმრულებელბს (სიმღერა, ცეკვა, საკრავი)
მთქმელებს, ავთორ-მთქმელებს, ხელოვნების ოსტატებს
სახვითი ხელოვნების ოსტატებს
სამუშაო დასი უკვე იმყოფებოდა საჩხერის, ონის, ცაგერის, ახალქალაქის, ახალციხისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჟიური ქვეყნის მასშტაბით 28 მუნიციპალიტეტის მონახულებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ განაცხადების მიღება ახლაც გრძელდება.
ფესტივალის პირველი ტური 15 ივნისს დასრულდება. მეორე ტური და ფინალი შემოდგომაზე გაიმართება.
„ეროვნული ფესტივალი-2022“ ტარდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.