თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სააღდგომო დღეებში ტაძრებში ყოფნისას პირბადის ტარებას ურჩევს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღესრულება.
„დახურულ სივრცეებში აუცილებლად უნდა ვატაროთ პირბადე, განსაკუთრებით ტაძრებში, სადაც ბევრი ადამიანი იქნება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
აღდგომის მეორე დღეს საქართველოს მოსახლეობა მიცვალებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს და, ტრადიციის მიხედვით, გარდაცვლილი ნათესავების და ახლობლების საფლავებს მოინახულებს. კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 და 2020 წლებში სასაფლაოები დაკეტილი იყო. წელს საქართველოს ხელისუფლება დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს.
„არავინ აკრძალავს მიცვალებულებისთვის პატივის მიგებას და არავინ იტყვის, რომ არ გავიდეთ სასაფლაოებზე, მაგრამ თუ შესაძლებელია, იქნებ თავი ავარიდოთ იქ კვებას და ალკოჰოლის მიღებას, რადგან ამ დროს მარტივად ხდება ვირუსის გავრცელება, ისევე, როგორც დიდ წვეულებებსა და შეკრებებზე“,– აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში ეპიდვითარება სტაბილურია, მაგრამ მიუხედავად ამისა პანდემია ჯერ ისევ გრძელდება.
„შარშან ეპიდვითარება, წლევანდელთან შედარებით, უფრო რთული იყო, რეკომენდაციებიც უფრო მკაცრი გვქონდა. წელს კი მხოლოდ და მხოლოდ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას კვლავ ვაქცონაციისკენ მოუწოდა.
იანვარ–თებერვლის დასაწყისში საქართველო კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძოდა, რომელიც „ომიკრონ“ შტამს უკავშირდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20-24 ათასს აჭარბებდა. 31 იანვარს გამოვლინდა 26 ათასზე მეტი შემთხვევა. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი ეპიდვითარების მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო. ბოლო დღეებში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 300-ს არ აჭარბებს. ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი კიდევ უფრო შესუსტდება და სეზონურ გრიპად იქცევა.