ზაფხულში საქართველოში უფრო მეტი ავიარეისი შესრულდება

დღეს შეინიშნება დარგის აღდგენის პოზიტიური დინამიკა, მაგრამ ჩვენს ინტერესებშია მისი შემდგომი გაძლიერება და განვითარება, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს მიმართულებით ფრენები კვირაში 400-450 ფრენა განხორციელდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ იგეგმება საქართველოში გადაზიდვების ინდუსტრიის კიდევ უფრო გაძლიერება, ავიაციის სფეროში დასაქმების და უფრო კვალიფიციური კადრების არსებობის ხელშეწყობა.
„დღეს საქართველოში ოპერირებით არაერთი საერთაშორისო ავიაკომპანია ინტერესდება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში 400-დან 450 ფრენამდე შესრულდება, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო მოგზაურების შემოყვანას ჩვენ ქვეყანაში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილი საავიაციო სექტორის 60-მდე წარმომადგენელს შეხვდა და მათთან დარგში არსებული ვითარება, გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა. შეხვედრას ორგანიზება გაუწია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტმა.
შეხვედრაზე განიხილეს სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული გამოწვევები. ქვრივიშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებს შესთავაზა, ერთობლივად შეემუშავებინათ მათი გადაჭრის გზები.
„ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ავიაციის სექტორი ქვეყანაში. დღეს დარგის აღდგენის პოზიტიური დინამიკა სახეზეა, მაგრამ ჩვენი ინტერესია, მისი კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და განვითარება, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის სამიზნე სტრატეგიულ ქვეყნებში", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს საავიაციო სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მის სწრაფ აღდგენაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეკონომიკის სხვა მიმართულებების, განსაკუთრებით კი ტურიზმის მდგომარეობა. მისი თქმით, მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო რეგულარულად მართავენ შეხვედრებს ბიზნესის დარგების წარმომადგენლებთან და მათთან ერთად განიხილავენ ამა თუ იმ სექტორში არსებულ ვითარებას.
საავიაციო კომიტეტმა ასევე განიხილა COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა. აღინიშნა, რომ სამინისტრო აგრძელებს შეხვედრებს ბიზნესთან და მათთან დიალოგს წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე.
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანა გაიზარდა - ახალი სტატისტიკა >>
საქართველოში 2021 წელს 40 საერთაშორისო ავიაკომპანია ოპერირებდა. მათ რეგულარული და არარეგულარული რეისებით დაახლოებით 2,5 მლნ მგზავრი გადაიყვანეს. პანდემიამდე, 2019 წელს ბაზარზე 46 ავიაკომპანია ოპერირებდა. მათ მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 5,2 მილიონს მიაღწია.
აეროპორტების გახსნამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა საერთო რაოდენობაზე. 2021 წელს საერთაშორისო მოგზაურების მიერ სულ 1,8 მილიონი ვიზიტი განხორციელდა, საიდანაც 51% საქართველოს აეროპორტების გავლით განხორციელდა.